თბილისის მერია საფეხმავლო ხიდს გაარემონტებს

რემონტის პერიოდში ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საფეხმავლო ხიდი, რომელიც ბაგებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს აკავშირებს ერთმანეთთან, სარემონტო სამუშაოების გამო ოთხი თვით დაიკეტა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

თბილისის მერი საკანალიზაციო ჭებით დაინტერესდა

პროექტის მიხედვით, საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.

მერიის მონაცემებით, რემონტის პერიოდში ბაგების სტუდენტური საერთო საცხოვრებლიდან თსუ-ის მაღლივ კორპუსამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

სარემონტო სამუშაოები ივლისში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 515 ათასი ლარია.