გიგანტური ბოცვრების ფერმა: ახალგაზრდა მეწარმის ბიზნესი საქართველოში

ზოგისთვის ფერმერობა მოსაწყენი საქმიანობაა, ზოგისთვის - მოწოდება და მთელი ცხოვრების საქმეა, 20 წლის მეწარმისთვის მამუკა ჯუღელისთვის ეს გატაცებაცაა და ბიზნესიც.
Sputnik

ჯუღელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ბოლო ხუთი თვეა მამუკა და მისი მეგობარი როლანდ ნაჭყებია ფერმერებიც გახდნენ.

გასულ წელს ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი გახდა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდობის დასაქმების საკითხებით არის დაკავებული. საჭირო ცოდნა და გამოცდილება პროექტის წყალობით მიიღო, დაფინანსების შემდეგ კი კახეთში, სოფელ ბაკურციხეში ბოცვრების ფერმა გახსნა სახელად The BO.

ფერმა „The BO — საუკეთესო შესაძლებლობა“, რომელიც სუფთა სისხლის „ფლანდრის“ ჯიშის ბოცვრებს სთავაზობს, სწრაფად ვითარდება. ამ ჯიშს ასევე გიგანტ ბოცვრებს უწოდებენ, რადგან მათი წონა 16 კილოგრამს აღწევს, ეს მაშინ, როდესაც სტანდარტული ბოცვრები 5-6 კილოგრამს იწონიან.

„მომხმარებელს ვთავაზობთ ნატურალურ დიეტურ და ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტს. ფერმა ჯერჯერობით განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ამ ტიპის პროდუქტით დაინტერესება დიდია. საწარმოში ნახავთ ბოცვრების რამდენიმე ტიპს, რომელთა წონა და ზომები სხვა გავრცელებულ სახეობებთან შედარებით სამ-ოთხჯერ დიდია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წარმოება ბევრი ახალგაზრდისთვის ბიძგი გახდება და ისინი ფერმერობით და მეწარმეობით დაინტერესდებიან“, — უთხრა ჯუღელმა „Sputnik-საქართველოს“.

ახალგაზრდა მეწარმემ გვიამბო, რომ თავიდან, როდესაც მეგობართან ერთად ეს პროექტი დაიწყეს, არ იცოდნენ, რომელი ფერმა უნდა გაეხსნათ. ბიჭებმა შეისწავლეს ეს დარგი, გაიარეს სპეციალური კურსები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ სახეობის ბოცვრების მოშენება მომგებიანი და პერსპექტიული საქმე იქნებოდა.

გაკახელებული ლონდონელი, ძეხვეულის ბრენდი სახელად „ეგსაიდანაა“ და მაცივარი საძინებელში

ჯუღელის თქმით, ბევრი ახალგაზრდისთვის ფერმერობა მოსაწყენი საქმიანობაა, მაგრამ ის ირწმუნება, რომ თუ გაითვალისწინებ თანამედროვე რეალობას და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დარწმუნდები, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს დღეს ფერმერობა.

„ჩვენ თავს ვთვლით თანამედროვე ფერმერებად, რომლებიც ინოვაციებს მისდევენ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ და სოფლის ცხოვრებასთან და სოფლის მეურნეობასთან არანაირი შეხება არ მქონია, გარკვეული ცოდნის მიღების შემდეგ მივხვდი, რამდენად ინოვაციური შეიძლება გახადო ეს სფერო. დავინახე სრულიად სხვა შესაძლებლობები, მივხვდი, რომ XXI საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები ვითარდება, სოფლის მეურნეობა — ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული საქმიანობაა, მათ შორის ახალგაზრდებისთვის“, — აღნიშნა ჯუღელმა.

ახალგაზრდა მეწარმის თქმით, ფერმა, როგორც ნებისმიერი სხვა კომპანია, მოითხოვს სწორ მენეჯმენტს, გაყიდვების სფეროში კონკრეტულ მიდგომებს და თანამედროვე მარკეტინგულ გათვლებს.

„ახლა გარდამავალი პერიოდი გვაქვს. ხუთ თვეში ბევრი რამ ვისწავლეთ, ჩვენი სტარტაპი წარმატებული გამოდგა. ეს მთავარია. ჩვენ დავიწყეთ 10 ბოცვრით, გავზარდეთ მათი რაოდენობა 40-მდე და უფრო სწრაფი ტემპებით გავაგრძელებთ. ახლა ხორცის წარმოების დაწყებაზე ვფიქრობთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა“, — გვითხრა მამუკა ჯუღელმა.