თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე მიიწვია, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მარგველაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა ნატოს გენერლური მდივნის რეზიდენციაში ბრიუსელში გაიმართა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ევროპის კომისიის თავმჯდომარეს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკსა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებს.
„სამიტს საქართველო დაესწრება, როგორც ასპირატი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები. მათ ასევე განიხილეს სამიტისთვის მომზადების პროცესი და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მასზე საქართველოსთან დაკავშირებით უნდა მიიღონ.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, ხოლო პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
მარგველაშვილმა და სტოლტენბერგმა შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის მსვლელობისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა მარგველაშვილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
მარგველაშვილმა აღუთქვა გენერალურ მდივანს, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში.
საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.
რუსეთი საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც მანამდე რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური მდგომარება ნარჩუნდება, რომლის პროვოცირებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ნატოში, ხოლო ალიანსის მეშვეობით რეგიონში გამაგრების მცდელობები იწვევს.