დაყაჩაღება აბაშაში: ინკასატორს 200 ათასი ლარი სახლიდან მოპარეს

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აბაშაში TBC-PAY-ს ინკასატორზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც თავდამსმელებმა 200 ათასი ლარი გაიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი ჩოჩიების სახლში 4 მარტს, გვიან ღამით შეიჭრა. მამუკა ჩოჩიას სახლში სამეგრელოს შვიდი რაიონის სწრაფი გადახდის აპარატებიდან ამოღებული თანხა ინახებოდა.

დღისით-მზისით: გლდანში ბანკი დააყაჩაღეს, დამნაშავე მიიმალა

როგორც ჩოჩიების ოჯახში აცხადებენ, ინკასატორმა დღის ბოლოს ათობით ათასი ლარის, ევროსა და დოლარის ბანკის საცავში შეტანა ვერ შეძლო, რადგან უქმე დღეები დაემთხვა და ფული სახლში წაიღო.

„ფული გვინდაო. ჩვენ ყველაფერი ვიცითო და დაიწყეს ოთახებში სირბილი. გამოიტანეს, დაჩეხეს, ნაჭრის ჩანთებში იყო ფული მოთავსებული, ჩატენეს ტომრებში, რომ გადიოდნენ, არ იკივლოთო. თქვენთვის უარესიაო, ჩვენ უკან დავბრუნდებით და კარგი რაღაც არ მოხდებაო. გაიტანეს ტომრები, გააღეს კარი, მანქანით ელოდებოდნენ და გავარდნენ“, — განაცხადა ჩოჩიების ოჯახის ერთ-ერთ წევრმა ლელა ჭანტურიამ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.