ბათუმში რვა წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

დაკავებულის ადვოკატი გეგმავს განაჩენი სააპელაცო სასამართლოში გაასაჩივროს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რვა წლის გოგონას მიმართ, გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის 63 წლის მამაკაცს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა   5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 3 წელსა და 4 თვეს ის საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს,  წელიწადი და რვა თვე კი, პირობით პატიმრობაში იქნება. 

ყურადღება! საფრთხე რეალურია: როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან

დაკავებულის ადვოკატი სოლომონ კოჩალიძე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს და ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას მოითხოვს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფრო მსუბუქი სასჯელის ფორმა უნდა შეეფარდოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა, ვინაიდან  საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებდა. 

შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ ბათუმის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ბავშვი სოციალური სააგენტოს პროგრამაშიც იყო ჩართული და მასთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

მამაკაცი, რომელსაც გარყვნილი ქმედების ჩადენაში სდებდნენ ბრალს, ბავშვთან შეხებას „მოფერებას” უწოდებდა და ამას დანაშაულად არ მიიჩნევდა.