რა უნდა იცოდეთ, თუ მიანმარში მოგზაურობას გადაწყვეტთ

ალბათ ბევრი არ გსმენიათ მიანმარის შესახებ. ეს არის გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ქვეყანა კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. იგი ორ აზიურ გიგანტ სახელმწიფოს, ინდოეთსა და ჩინეთს შორისაა მოქცეული. საკმარისია გაცდეთ იანგონს (მიანმარის დედაქალაქი), რომ იწყება სოფლები, სადაც მიწას დღემდე კამეჩებით ხნავენ, ადგილობრივებს კი უცხოელების დანახვა აოცებთ.
Sputnik

მიანმარი შეგვახსენებს, თუ როგორი იყო აზია არცთუ ისე შორეულ წარსულში. იქ თითქმის ისევ ისეა ყველაფერი, როგორც საუკუნეების წინ. აქ მოხვედრა არც ისე მარტივია, თუმცა ანა ბუიანოვამ იმოგზაურა ამ საოცარ ქვეყანაში და თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა.

ანა ბუიანოვა

როგორ მოვხვდი მიანმარში

მიანმარში მოხვედრა ჩემი ოცნება მას შემდეგ გახდა, რაც მიანმარელი მეგობარი გავიჩინე. ეს ოცნება კი ერთი წლის წინ ავისრულე. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ საქართველოდან მიანმარში მოხვედრა ადვილი და იაფი არ არის. ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, რომ ბევრი აზიური ქვეყნიდანაც კი არ არის პირდაპირი რეისი იანგონში (დედაქალაქში). ამიტომ უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ ბილეთი დაახლოებით 1000 დოლარი დაჯდება და, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი გადაჯდომა მოგიწევთ. თუმცა ამ ყველაფერს ვიზის აღების სიმარტივე აბათილებს, რომელიც ონლაინ–რეჟიმში ზუსტად 15 წუთში კეთდება და მისი საფასური 50 დოლარია (რაც მიანმარელებისთვის არც ისე მცირე თანხაა).

ტაძრები მიანმარში

პირველი შთაბეჭდილება და ემოცია

პირველი ნაბიჯი იანგონში, მიანმარის დედაქალაქში დავდგი, რომელსაც ადგილობრივები დღემდე ბურმას ეძახიან. საშინლად ბინძური და მოუვლელი ქალაქია. ერთადერთი შეხება თანამედროვეობასთან ახლად აშენებული ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრია, რომელშიც ბევრი ადგილობრივი ჯერ კიდევ ნამყოფიც არ არის, მათ შორის არც ჩემი მეგობარი ჟოზეფინა.

წლების მანძილზე ქვეყნის ჩაკეტილობისა და დღემდე არსებული არეულობების გამო მიანმარში ძალიან ცოტა ტურისტი ჩადის, ამიტომ მარტივია ადგილობრივებში გარევა და ნამდვილ, მიანმარულ გარემოსთან შერწყმა. პირველი, რამაც ჩვენი კეთილგანწყობა გამოიწვია, მიანმარელი, იგივე ბირმელი ხალხი იყო. ყურადღებას, პირველ რიგში, მათი გამორჩეული სამოსი და ლოყებზე წასმული თეთრი, თაბაშირის მაგვარი ფერუმარილი იქცევს. თავიდან გვეგონა, რომ რელიგიური რიტუალის ნაწილი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამით მზისგან იცავენ თავს. ამიტომ მიანმარის ყველა კუთხეში შეხვდებით ასე მოთხუპნულ ქალებს, კაცებს, ბავშვებს და მოხუცებს. მეორე, რაც ნაკლებად სასიამოვნო სანახავია, მათი ჩაშავებული კბილებია. ამის მიზეზი ბამბუკში გახვეული მცენარეებია, რომელსაც დაახლოებით ისეთივე მოქმედება აქვს, როგორც სიგარეტს. მოსახლეობის უმეტესობაც თავს სწორედ ამით ირთობს.

მიანმარის მკვიდრი

ყველაზე მეტად გამაოცა

ყველაზე მეტად გაგაოცებთ ის, რომ მიანმარელებს არ აქვთ გვარი. პასპორტშიც მხოლოდ სახელი უწერიათ და ეს ხშირად ხდება სირთულეების მიზეზი სხვა ქვეყნების საზღვრის გადაკვეთის დროს. ჩემ მეგობარსაც მხოლოდ ჟოზეფინა უწერია.

და კიდევ, რასაც ყველა ტურისტი შეამჩნევს, არის საოცარი სიკეთე და მზრუნველობა, რომელსაც ადგილობრივები ყველა „ჩამოსულის“ მიმართ იჩენენ. არ არსებობს დახმარება დაგჭირდეს გაუდაბნოებულ, მიყრუებულ სოფელში და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი არ გაჩერდეს, თავი არ შეიწუხოს და მისთვის რთულად მოპოვებული კაპიკებით დახმარების ხელი არ გამოგიწოდოს (როგორც ჩვენ შემთხვევაში მოხდა). ეს არის ის, რაც ნამდვილად არასდროს დაგვავიწყდება…

ბუდას ქანდაკება ტაძარში

ის, რაც აუცილებლად უნდა ნახო მიანმარში

ალბათ მიანმარი არის ქვეყანა, სადაც არ გჭირდება ფიქრი იმაზე, თუ სად წახვიდე და რა ნახო. პასუხი მარტივია — უძველესი ქალაქი ბაგანი, რომელიც დღეს დაცულ ტერიტორიად არის ქცეული. სწორედ ამიტომ იანგონში გატარებული რამდენიმე დღის მერე იქაური „ოკრიბადან“ ღამის ავტობუსით ბაგანისკენ დავიძარით. ჩვენდა გასაოცრად, ღამის ავტობუსით მგზავრობა იმაზე გაცილებით კომფორტული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ათსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დილის ხუთ საათზე უკვე ადგილზე ვიყავით. როგორც კი დავბინავდით, მაშინვე მოპედი ვიქირავეთ (სულ რაღაც ხუთ დოლარად) და ტაძრებისკენ გავემართეთ. მზე ჯერ ამოსული არ იყო, ამიტომ მოპედზე მივეყინეთ დილის სუსხის გამო. გზად პირველი ტაძარი (პაგოდა) შევნიშნეთ და გავჩერდით დასათვალიერებლად. უკვე უკან ვბრუნდებოდით, როდესაც ცაზე პირველი საჰაერო ბუშტი გამოჩნდა მზის პირველ სხივებთან ერთად და ეს იყო მომენტი, როდესაც ადამიანს სუნთქვა შეგეკვრება და მთელი ქვეყნის ჰაერი აღარ გყოფნის. სასწრაფოდ მოპედზე დავსხედით და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძრისკენ გავემართეთ. ტაძარი ძალიან ძველი და მიტოვებული იყო, ამიტომ შიგნით შესვლაც ადვილად შევძელით. სახურავზე როცა ავედით, ჰორიზონტი უკვე მოჭედილი იყო შავი საჰაერო ბუშტებით. მზე ნელ-ნელა ამოდიოდა და ჩვენ წინ უამრავი ნისლში ჩაძირული ტაძარი გადაიჭიმა. ეს იყო ყველაზე მისტიკური, უცნაური, საინტერესო და აბსოლუტურად გასაოცარი სანახაობა, რომელიც ყველა ადამიანს ჟრუანტელს მოჰგვრიდა. რამდენიმე წუთი გაშეშებულები ვიყურებოდით. ეს ის წუთებია, როდესაც არც ფოტოს გადაღება გინდა, არც სხვებისთვის გაზიარება და გინდა იფიქრო, რომ ის მომენტი, ის ადგილი, ის მზის სხივი, ნისლი და მისტიკა მხოლოდ შენთვის არის.

სანამ ბაგანში ჩახვალთ, არ დაგავიწყდეთ იანგონის დათვალიერება, სადაც უზარმაზარი შევედაგონის ტაძარი მდებარეობს. საინტერესო ამ ტაძარში კი ის არის, რომ ეს უზარმაზარი შენობა მთლიანად ოქროსგან არის გაკეთებული და ძნელია მზის სხივებთან ერთად მის ბზინვარებას თვალი გაუსწორო. ლეგენდის თანახმად, შევედაგონის ტაძარი (პაგოდა) ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2600 წელს აშენდა და სწორედ ამიტომ ის მიიჩნევა უძველეს ბუდისტურ ტაძრად. და, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ წამოხვიდეთ მიანმარიდან ადგილობრივი კერძებისა და ლუდის დაგემოვნების გარეშე.

რა უნდა გაითვალისწინო მიანმარში მოგზაურობის დროს

არის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მიუხედავად მიანმარელი ხალხის სიმშვიდისა და სიკეთისა, მიანმარის უმეტეს ნაწილში დღემდე დაძაბული ვითარებაა სამოქალაქო ომის გამო. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რუკას, რომელიც აჩვენებს, თუ რა ადგილებია უსაფრთხო ტურისტებისთვის და სად არის აკრძალული ტურისტების გადაადგილება.

ანა ბუიანოვა მიანმარელ მეგობართან ერთად

რა განსხვავებაა მიანმარსა და საქართველოს შორის?

რთულია ჩამოთვალო განსხვავებები საქართველოსა და მიანმარს შორის. თუმცა მსგავსების გამოყოფა ბევრად მარტივია და ჩემთვის ეს მხოლოდ ერთი რამ იყო — ფასები. მიუხედავად იმისა, რომ მიანმარამდე ჩასვლა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, ადგილზე შეგიძლიათ 100$ იმყოფინოთ რამდენიმე დღეზე ისე, რომ ნახოთ ყველა მნიშვნელოვანი ადგილი, დაათვალიეროთ ბაგანი, დარჩეთ საკმაოდ ნორმალურ სასტუმროში, იქირაოთ მოპედი მთელი დღით, დედაქალაქში ტაქსით გადაადგილდეთ და ამავდროულად დააგემოვნოთ მიანმარული კერძები.