9-10 მარტს თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. 9-10 მარტს თბილისში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, შესაძლოა, ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრიდან 25-30 მეტრამდე გაიზარდოს, და საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზოგან კი ქარბუქი.

თბილისში ქარიშხალია მოსალოდნელი – 32 მეტრი წამში

„10 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და თბილისში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი", – ნათქვამია განცხადებაში.

10 მარტს, დღისით შედარებით გამოიდარებს, ქარის სიძლიერეც შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლუს 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისის მერია მოსალოდნელ არამდგრად ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას", – აღნიშნულია განცხადებაში.

დედაქალაქის მერია ასევე მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.