საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

მიწა-კლდის მასის ჩამოწოლამ დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი —Sputnik. საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები მოქმედებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე ჩამოდის მიწა-კლდის შვავები, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ტრაილერების მოძრაობა.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრობლემებია შექმნილი ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზეც.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის 95-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.