ევროვიზია 2018: საქართველო კლიპს იღებს

ვიდეოგადაღებები რეჟისორ ზაზა ორაშვილის ხელმძღვანელობით, საგურამოში მიმდინარეობს, ხოლო კლიპის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო“, რომელიც საქართველოს წარმოადგენს „ევროვიზია 2018-ზე“, ოფიციალური კლიპს იღებს სიმღერაზე „შენი გულისთვის“, იუწყება „ევროვიზიის“ საქართველოს წარმომადგენლობა.

ჯგუფი სწორედ ამ სიმღერით წარსდგება სასიმღერო კონლურსზე ლისაბონში 10 მაისს.

ვიდეოგადაღებები რეჟისორ ზაზა ორაშვილის ხელმძღვანელობით, საგურამოში მიმდინარეობს. კლიპის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით.

მუსიკოსების კოსტიუმებზე დიზაინერმა მეგი გაბუნიამ იზრუნა, ხოლო „ირიაოს“ ოფიციალური ფოტოგრაფი გიორგი ცაავა გახლავთ.

სიმღერა „შენი გულისთვის“ მუსიკა კომპოზიტორმა და ჯგუფის მხატვრულმა ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინე სანიკიძეა.

სიმღერის ჩაწერაში „ირიაოსთან“ ერთად სხვადასხვა ორკესტრების მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

ევროვიზია 2018“ წელს ლისაბონში 8 და 10 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი — 12 მაისს.