ავტოსატრანსპორტო საშუალებით გარევაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება

გარევაჭრობისთვის დაწესებული 20-ლარიანი ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება, განმეორებით ჩადენილი დარღვევისთვის კი 100-ლარიანი ჯარიმა 500 ლარი გახდება.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისის მასშტაბით გარევაჭრობაზე ჯარიმები გაიზრდება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კონტროლს გააძლიერებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უკანონო გარევაჭრობის გამოვლენის შემთხვევაში კანონდამრღვევს, ჯარიმის გადახდასთან ერთად, გარევაჭრობის ადგილის დატოვებაც მოუწევს.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, გარევაჭრობაზე დაწესებული ჯარიმები განსხვავებული იქნება.

„საჯარიმო სანქციები განსხვავებული იქნება. როცა დარღვევას ვნახავთ, მათ დაჯარიმებას ადგილზევე მოვახდენთ. საკრებულოს აქვს დადგენილება მიღებული, თუ სად არის აკრძალული გარევაჭრობა და ჩვენ ამას უფრო გავამკაცრებთ“, — აღნიშნა ბაგრატიონმა.

თბილისის მერმა ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბაგრატიონის განცხადებით, გარევაჭრობისთვის დაწესებული 20-ლარიანი ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება, განმეორებით ჩადენილი დარღვევისთვის კი  100-ლარიანი ჯარიმა 500 ლარი გახდება. 

რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარევაჭრობას, მისი სრულად აკრძალვა არ იგეგმება და ამისათვის შესაბამისი ადგილები გამოიყოფა. თუმცა, კანონდარღვევის შემთხვევაში მისაბმელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარევაჭრობისთვის სანქცია დაახლოებით 1000 ლარი იქნება. 

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 2017 წლის 19 მარტიდან დაიწყო. გარევაჭრობა აიკრძალა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე, მარჯანიშვილის მეტროსთან, მეტრო ახმეტელთან, სადგურის მოედანთან, დინამოსა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. მათ განაცხადეს, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა არ უნდათ, რადგან სალარო აპარატის გამოყენება მოუწევთ და ამ შემთხვევაში მათ მოგება არ დარჩებათ. თბილისის მერიამ კი, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის უფლებას აღარ მისცემს.

ჯამურად ზემოჩამოთვლილ უბნებზე 750-დან 800 ადამიანამდე ვაჭრობდა.