თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თავშესაფრის მაძიებელთა და ორგანიზებული კრიმინალის რიცხვის მატების გამო, შესაძლოა, საფრანგეთმაც გაამკაცროს კონტროლი შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ოფიციალური ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში 700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. აქედან თითქმის 100%-მა უარი მიიღო. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტიურ ფაზაში შედიოდა, მთავარი მიზეზი, რაც გერმანიასა და საფრანგეთს აშფოთებდა, ეს იყო ქართველების მხრიდან ევროპაში ჩადენილი კრიმინალი.
„ზუსტად ამაზე საქართველოს მხარემ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, რის გამოც უვიზო მიმოსვლას დავთანხმდით. საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, ეს კი, შეიძლება ითქვას, რომ ჯილდოც იყო ქართული მხარისთვის, რათა ქართველებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ჰქონოდათ“, — განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
მისივე თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეების სამარცხვინო საქციელის გამო, რომლებიც საფრანგეთში კრიმინალს ჩადიან, არ უნდა დაისაჯონ ღირსეული ადამიანები.
„მათი სამარცხვინო საქციელის გამო არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას ღირსეულად იყენებენ“, — აღნიშნა პასკალ მენიემ.
ელჩის განცხადებით, თუ კრიმინალმა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იმატა, საფრანგეთის ხელისუფლება გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუმცა, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რა სახის გადაწყვეტილებები იქნება ეს.
წინასწარი ინფორმაციით, გამკაცრდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა, კონტროლი გამკაცრდება საქართველოს ტერიტორიაზეც, რათა საეჭვო პირები შენგენის ზონაში არ დაუშვან. ელჩის თქმით, ქუთაისის აეროპორტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტია და საფრანგეთის მხარე ეცდება, იქ კონტროლი გაამკაცროს.
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია საქართველოსა და საფრანგეთის პოლიციას, ასევე შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობლად მატებამ გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდი შეშფოთება გამოიწვია. თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავდა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
უვიზო რეჟიმით ქვეყნის 220 000-მა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება.