თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თუ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გადაწყვეტს, ეს ქვეყნისათვის უსიამოვნო გზავნილი იქნება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის 2017 წლის მარტში აამოქმედა უვიზო რეჟიმი, რომლითაც უკვე 220 000-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდით შეშფოთებულია, მათ შორის არის გერმანია, ისლანდია და შვედეთი.
„ევროპას მშვენივრად ესმოდა, რომ საქართველოში ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომ ადამიანებს ეს ვიზები სწორედ იმიტომ ახარებს, რომ მათ იქ [ევროპაში] დარჩენა სურთ“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპასთან მოლაპარაკებების დროს სისუსტე გამოავლინა, როდესაც საკუთარი მოქალაქეებისათვის გარკვეული სამუშაო ან სტუდენტური კვოტების გამოყოფაზე არ შეუთანხმდა.
„ამიტომ ჩვენი მთავრობის დიდი იმედი არ მაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ევროპა ახლა შეაჩერებს უვიზო რეჟიმს, ეს ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოსათვის ცუდი გზავნილი იქნება“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმი მიხეილ ჯანელიძე ირწმუნება, რომ ამ მომენტისათვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა არ დგას.
2017 წელს შვედეთმა თავშესაფარზე უარი საქართველოს 963 მოქალაქეს უთხრა; ანუ უარი ითქვა ყველა განხილულ საქმეზე. სულ შვედეთს თავშესაფარი გასულ წელს საქართველოს 1105-მა მოქალაქემ სთხოვა. ამ მაჩვენებლით საქართველოს წინ უსწრებენ მხოლოდ სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
ევროკავშირში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს დაჯავშნული ნომერი ან მეგობარი–ნათესავის მისამართი, სადაც აპირებს ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.