თბილისში გია ბუღაძის გამოფენა „Olim - ოდესღაც" იხსნება

მხატვარმა წმინდა წერილიდან, კერძოდ კი, სახარებიდან იკონოგრაფიული მოტივები და სცენები გამოიყენა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის, გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „Olim — ოდესღაც" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2018 წლის 6 მარტს გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბუღაძის სერია Olim (ეს ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ოდესღაც"). ეს არის მეგალოგრაფია (ნატურალური სიდიდით საგნების ფერწერული გამოსახვა), რომელიც ერთი იდეით გაერთიანებული 33 დამოუკიდებელი ნამუშევრისგან შედგება.

„ქარვასლაში" შალვა ძნელაძის საიუბილეო გამოფენა იხსნება

„ევროპაში, და არა მარტო, არსებობს საყოფაცხოვრებო ტრადიცია, ქცევის წესი — როდესაც ბინას, ან სახლს დროებით ტოვებენ, ნივთებს, საგნებს, ავეჯს, სარკეებს, ჭაღებს თეთრი მატერიით — სუდარით ფარავენ, რათა შეინახონ, დაიცვან დაზიანებისა და მტვრისაგან იმ დრომდე, ვიდრე შინ დაბრუნდებიან. სერია „Olim — ოდესღაც" შინაარსთა დაფარვა-გახსნას გულისხმობს, როდესაც ის მრავალი იდეა, რომელიც დღეს შენახული და დაფარულია, გაიხსნება და აიხსნება; ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი შინ დაბრუნების დრო დადგება“, — ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

ამ სერიაზე მუშაობისას მხატვარმა წმინდა წერილიდან, კერძოდ კი, სახარებიდან იკონოგრაფიული მოტივები და სცენები გამოიყენა.

გამოფენის გახსნა 17:00 საათზე შედგება. ექსპოზიცია 2018 წლის 11 აპრილამდე გაგრძელდება. მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე.

Гия Бугадзе

გია ბუღაძე — საქართველოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ფერმწერი, მხატვარი-მონუმენტალისტი. 1981 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, 1985 წელს — სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის შემომქედებითი სახელოსნო. 1991 წლიდან სამხატვრო აკადემიის პრორექტორია სამეცნიერო დარგში, 2003-2012 წლებში აკადემიის რექტორი იყო.

ცნობილია ბუღაძის ნამუშევრების სერია „ქართლის ცხოვრება“. მას ეკუთვნის უამრავი მოხატულობა და ფრესკა. მისი მოხატულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გუმბათი და კონფერენც-დარბაზი, საქართველოს პარლამენტის „სამეფო დარბაზი“, საქართველოს იუსტიციის ყოფილი სამინისტროს დარბაზი, საქართველოს პედაგოგიური და პოლიტექნიკური უნივერსიტეტების კონფერეც-დარბაზები.

მისი მონუმენტური ნამუშევრები უცხოეთშიც ცნობილია: მან მოხატა ბერლინში მარტინ ლუთერის ეკლესია, ლუიზიანის უნივერსიტეტის „სიტყვის თავისუფლების დარბაზი“ და პარიზში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. გარდა ამისა, ბუღაძე თეატრისა და კინოს დამდგმელი მხატვარია. 

საქართველოს გარდა, მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ვატიკანში, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინასა და სომხეთში.

გია ბუღაძე უამრავი ჯილდოს მფლობელია — მათ შორის არის საფრანგეთს პრეზიდენტის პრემია კანის კინოფესტივალზე, ვატიკანის მედალი „კარლოს მაგნუსი“ და ანტონ კათალიკოსის მედალი.