სურამში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა

ავტომანქანის მძღოლის წარმოდგენილი დოკუმენტი, ხე-ტყის სოციალური ჭრის მიზნით, მესტიის მუნიციპალტეტში იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დაბა სურამში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბა სურამში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი — ფიცარი იყო განთავსებული.

„მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ, ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

კანონმდებლობის მიხედვით,  სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ჭრის წესით ხე-ტყის დამზადება, აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 35 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.