როგორი გაზაფხული ელის საქართველოს 2018 წელს

წელს თბილი ზამთარი იყო, გაზაფხულის დასაწყისი ნორმაზე ოდნავ ცივი იქნება
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში გაზაფხულის დასაწყისში მოსალოდნელია საშუალო ნორმაზე ერთი გრადუსით დაბალი ჰაერის საშუალო ტემპერატურა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების სამსახურის უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ.

მისი თქმით, მარტში ჰაერის ტემპერატურა საშუალო ნორმაზე ერთი გრადუსით დაბალი იქნება. მარტში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსთვის 6-8 გრადუს სითბოს შეადგენს, აღმოსავლეთ საქართველოსთვის — 2-5 გრადუს სითბოს. გარკვეულ დღეებში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 0 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს, აღმოსალეთში — მინუს 5-6 გრადუსამდე, აღნიშნა ქოქოსაძემ.

ზაზუნას დღე, ლამპრობა და ქალი-გუთნისდედა - ანუ როდის მოვა გაზაფხული

„ზამთარი საკმაოდ თბილი იყო. ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იყო. ბუნებაში ასე ხდება — წლიური ბალანსი უნდა შენარჩუნდეს. როდესაც რომელიმე სეზონი განსაკუთრებით ცივი ან თბილია, მომდევნო უმეტეს წილად განსხვავდება ხოლმე. ანუ, თუ ზამთარი თბილია, გაზაფხული ცივი იქნება. თუმცა ანომალიური სიცივე ამ გაზაფხულზე მოსალოდნელი არ არის“, — განმარტა ქოქოსაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ თვეებს, აპრილში ჰაერის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამ თვეში დასავლეთ საქართველოში ნორმა პლუს 11-12 გრადუსს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთში — 10-11 გრადუს სითბოს.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში საკმაოდ თბილი მაისი იქნება. ჰაერის ტემპერატურაც ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში პლუს 15-17 გრადუსს შეადგენს, აღმოსავლეთში — 14-16 გრადუსს.