გიორგი კვირიკაშვილს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების იმედი გაუჩნდა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 11 დღე გავიდა
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბოლო საათებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა სამშობლოში უახლოეს დღეებში მოხდება, ნათქვამია პრემიერის Facebook-გვერდზე.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის 22 თებერვალს, თითქოსდა გულის შეტევით გარდაიცვალა.

2 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ მიმართა თხოვნით რუსეთის პატრიარქს, რათა მან ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში თავისი დიდი ავტორიტეტი გამოიყენოს.

გამოქვეყნდა რუსეთის პატრიარქისადმი ილია მეორის წერილის ტექსტი

მომხდარმა საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლითაც ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ძალისხმევას იყენებს, რათა ტატუნაშვილის ცხედრის გამოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდეს. 

„რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი… უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“, — წერს კვირიკაშვილი.

პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთს დააკისრებს

ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.

ტატუნაშვილის დაკავების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. „ოსი ერის გენოციდში".

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ტატუნაშვილის სიკვდილი გამოძიების ინტერესში არ შედიოდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც, მიუხედავად გათავისუფლებისა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.