თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაასრულა სამდღიანი ვიზიტი მოლდოვაში, სადაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კობახიძე შეხვდა მოლდოვის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს, პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუს და კონფერენციის რამდენიმე ბლოკში სიტყვით გამოვიდა.
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან, გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ჩვენს მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობასთან და უსაფრთხოების საკითხებთან… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება“, — განაცხადა კობახიძემ.
მოლდოვის პრემიერთან შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, თუმცა, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და გავაღრმავოთ ასეთი კავშირები“, — განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მანამდე ის მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, რომელთანაც პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ირაკლი კობახიძემ, ანდრეი პარუბიმ და ანდრიან კანდუმ კონფერენციის შედეგების მიხედვით ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლითაც თავიანთი ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ მისწრაფება დაადასტურეს.
2009 წელს საქართველო ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი გახდა, რომელიც ევროკავშირთან ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ დაახლოებას ითვალისწინებს.
2014 წლის ივნისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 2017 წლის 28 მარტიდან კი ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.