სიღნაღში კიდევ ერთი ბაღი გაშენდა

ვაშლისა და ხურმის ბაღის გაშენება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სახელმწიფომ დააფინანსა
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. „ერთიანი აგროპროექტის“  ფარგლებში  სიღნაღის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ხეხილის ბაღი გაშენდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

ვაშლისა და ხურმის ბაღი პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ხვთისო ჭინჭარაულმა 20 ჰა მიწის ფართობზე სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში გააშენა. 

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი — წვეთოვანი სისტემებისთვის.

მარნეულში ჟოლოსა და მაყვლის ბაღი გაშენდა

ხვთისო ჭინჭარაულის ვაშლისა და ხურმის ბაღი პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4 531 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 23 561 278 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება1 517 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში — ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.