თბილისი, 3 მარტი — Sputnik. კომუნალურმა სამსახურებმა კიევში უმაღლესი რადის წინ კარვების ქალაქის დაშლა მას შედეგ დაიწყეს, რაც პოლიციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დააკავა.
შსს-ში განმარტეს, რომ დილით პოლიცია კარვების ქალაქში საგამოძიებო მოქმედებების, ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, მაგრამ მომიტინგეებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, მოხდა შეხლა-შემოხლა. საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად შესაბამისი ნებართვა პოლიციამ სასამართლოსგან მიიღო.
„მისმა [კარვების ქალაქის] ბინადრებმა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს დაუმორჩილებლობა გაუწიეს და სამართალდამცველებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. შედეგად შსს-ს გოსპიტალში პოლიციის ოთხი თანამშრომელი გადაიყვანეს… ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებებში მიყვანილია ასზე მეტი ადამიანი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა“, — ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ში ამტკიცებენ, რომ კარვების ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ამოიღეს საგნები, რომლებიც ხელყუმბარებს ჰგავს — РГД-5-ის ტიპის ცხრა ხელყუმბარა, ამნთებები, „მოლოტოვის“ კოქტეილები და ხუთი კვამლმდენი ნაღმი.
იქვე აღნიშნულია, რომ შეკრება პოლიციის პეჩერის განყოფილებასთან იწყება, სადაც აქტივისტების დიდი ნაწილია მიყვანილი.
სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის თქმით, კარვების ქალაქი მალე სხვა ადგილას შეიძლება გაჩნდეს, იუწყება Страна.
„ჩვენ და ჩვენმა მომხრეებმა დიდი ხანია გადავინაცვლეთ რეგიონებში, სადაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ცენტრს ვქმნით. სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად. რაც შეეხება საზოგადოებრივ პროტესტს, ხალხს მეიდნის დაბრუნება სურს და რამდენიც არ გადახერგოს პოროშენკომ ის რკინის კონსტრუქციებით, არ ამოეფაროს დაღუპულ გმირებს ან უკრაინის სახელმწიფო დროშის წმინდა სიმბოლიკას, ეს მას არ უშველის. კიევში ბევრია საკრალური პოლიტიკური ადგილები, სადაც ადამიანები ნებისმიერ მომენტში პროტესტის გამოხატვას შეძლებენ“, — განაცხადა საყვარელიძემ.