თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლითაც ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პარლამენტი მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე".
არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს ორ მოქალაქესთან ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს კი, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.
როგორც ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
საპარლამენტო უმრავლესობა მოითხოვს ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოსვლა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ტერიტორიაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეშვებაზე უარი განუცხადა.
ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ცხედრის გადმოცემის საკითხზე იმსჯელეს 2018 წლის 1 მარტს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხედარს ქართულ მხარეს მხოლოდ მას შემდეგ გადასცემს, რაც რუსეთიდან მოწვეული სპეციალისტები ექსპერტიზას დაასრულებენ. თუმცა, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
ქართული მხარის განცხადებით კი, მოლაპარაკებები მას შემდეგ განახლდება, რაც ტატუნაშვილის ცხედარი მის ოჯახს გადაეცემა.
არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საპასუხოდ კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.