რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარს" ფინეთში მსოფლიო პრემიერა ელოდება

საერთაშორისო კონკურსისთვის ფილმი ოთხი ათასი ნამუშევრიდან შეირჩა.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის ახალი დოკუმენტური ფილმის „სოციუმის პატიმრის" მსოფლიო პრემიერა ტამპერეს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 7-11 მარტს ფინეთში ჩატარდება.

ტამპერეში კინოფესტივალი (Tampere Film Festival) ყოველწლიურად იმართება 1970 წლიდან. კინოპროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ (FIAPF) კინოფესტივალს აკრედიტაცია მისცა, როგორც დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინოს სექციის ხუთი ფესტივალიდან ერთ-ერთს.

ფესტივალი საერთაშორისოა და პროგრამა ორი სექციისგან შედგება – ეროვნული და საერთაშორისო კონკურსები. საერთაშორისო ფილმების კონკურსში ფესტივალის გრან-პრის მფლობელსა და ანიმაციის, ფანტასტიკისა და დოკუმენტური კინოს განყოფილებაში გამარჯვებულებს გამოავლენენ. ყველა გამარჯვებული სპეციალური სტატუეტით დაჯილდოვდება, რომლის სახელწოდებაა „მაკოცე".

Air France-ის თვითმფრინავებში ქართულ ფილმ „დედეს" აჩვენებენ

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რატი წითელაძისა და პროდიუსერ ნინო ვარსიმაშვილის სურათი საერთაშორისო კონკურსისთვის ოთხი ათასი ფილმიდან შეირჩა.

„სოციუმის პატიმარი" — საქართველოს და ლატვიის კოპროდუქციაა. ფილმის ქრონომეტრაჟია 15 წუთი.

ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალია, რომელიც შუაზე იხლიჩება მშობლებსა და მის მიმართ მათ მოლოდინებს შორის, ასევე საზოგადოებაში მზარდ დაძაბულობას შორის, რომელიც გამოწვეულია საქართველოში ლგბტ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას… ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებეზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია. ვულოცავთ რატის და ნინოს და ფილმის წარმატებულ მსოფლიო პრემიერას ვუსურვებთ!" — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კონკურსზე რატი წითელაძის ფილმის კონკურენტები არიან ბრაზილიელი, ფილიპინელი, ირანელი, კანადელი, ბრიტანელი და პორტუგალიელი რეჟისორების ნამუშევრები.