კვირიკაშვილი: საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილმა და კარენ კარაპეტიანმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და უკვე არსებული ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსების მიცემის პერსპექტივები, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს პარასკევს ეწვია.

„მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის", — ასე მიმართა კვირიკაშვილმა თავის სომეხ კოლეგას.

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო და სომხეთი რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებია

კვირიკაშვილმა კარენ კარაპეტიანს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ. კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც საქართველო, ისე სომხეთი წელს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სომხეთის პრემიერმა, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აღნიშნა და ყურადღება მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. კარაპეტიანის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებულ ურთიერთობებს ახალი დინამიკა მიეცეს.

მოგვიანებით მთავრობის მეთაურების მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობების წევრთა მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ასევე, კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდება.

სარგსიანის უფლებამოსილების ვადა 9 აპრილს იწურება. პარასკევს, ქვეყნის ისტორიის განმავლობაში პირველად, ახალი პრეზიდენტი სომხეთის პარლამენტმა აირჩია — კანდიდატი მმართველი კოალიციიდან არმენ სარქისიანი.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.