თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში შუამდგომლობის თხოვნით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართავს.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.
გუშინ ილია II-მ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები მიიღო, რომლებმაც მას დახმარება სთხოვეს.
„მისი უწმინდესობა დაჰპირდა, რომ გამოიყენებს ეკლესიასა და მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცენ. უწმინდესობამ უკვე მოგვცა დავალება, წერილი გავგზავნოთ რუსეთის პატრიარქის სახელზე, რასაც სატელეფონო საუბრები მოჰყვება", — განაცხადა პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი ქართულმა მხარემ 2018 წლის 1 მარტს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე დასვა. თუმცა, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უარის მიღების გამო, ქართულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები პროტესტის ნიშნად დატოვა.
ტატუნაშვილის დაკავების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. „ოსი ერის გენოციდში".
გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ტატუნაშვილის სიკვდილი გამოძიების ინტერესში არ შედიოდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც, მიუხედავად გათავისუფლებისა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.