ქართველი თეატრალური მხატვრის ნამუშევრებს მოსკოვში გამოფენენ

მოსკოვში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვრის მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვარი მამია მალაზონია მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში „წიგნის თეატრი. თეატრალური მხატვრების წიგნის გრაფიკა", რომელიც მოსკოვის ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ თეატრალურ მუზეუმში 2-18 მარტს გაიმართება.

მამია მალაზონია — თეატრალური მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და შოთა რუსთაველის ეროვნული პრემიის ლაურეატია.

მუზეუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ გამოფენა „წიგნის თეატრი. თეატრალური მხატვრების წიგნის გრაფიკა" წარმოადგენს თეატრალური მხატვრების შეხედულებას ლიტერატურის სამყაროზე.

მამია მალაზონია 81 წლისაა. მან 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში იყო რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება 1983 წელს მიენიჭა.

მალაზონია მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". არის 150-ზე მეტი სპექტაკლისა და 20 მხატვრული და ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარი.