ბილ გეითსს კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობა აშფოთებს: „მას სიკვდილი მოაქვს“

მილიარდელი ეჭვით უყურებს ვირტუალურ ვალუტაში სახსრების დაბანდებას და აცხადებს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა, რომლის ტალღაც აგორდა მსოფლიოში, ზედმეტად ბევრ რისკს შეიცავს.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ცნობილი მილიარდელი, Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსი შეშფოთებულია ვირტუალური ვალუტის პოპულარობის ზრდით მთელ მსოფლიოში, წერს გამოცემა The Guardian-ი.

ფორუმ Reddit-ზე ონლაინ-ინტერვიუს დროს მილიარდელმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ებრძვის ფულის გათეთრებას, ფინანსურ ტერორიზმსა და გადასახადებისგან თავის არიდებას, კრიპტოვალუტების ბრუნვაში ყველაფერი ანონიმურია.

„ახლა კრიპტოვალუტას ნარკოტიკების შესაძენად იყენებენ და გამოდის, რომ ამ ტექნოლოგიას სიკვდილი მოაქვს“, — განაცხადა მან.

ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის კვალის მიდევნება შეუძლებელია და შესაბამისად, ამას ბევრი უბედურება მოაქვს.

მილიარდელი ეჭვით უყურებს ვირტუალურ ვალუტაში სახსრების დაბანდებას და აცხადებს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა, რომლის ტალღაც აგორდა მსოფლიოში, ზედმეტად ბევრ რისკს შეიცავს.  

ინტერვიუს ბოლოს ბილ გეითსმა განმარტა, რომ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მხარს უჭერს და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ავტომატიზაციის ზრდა ნეგატიურად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე.