რეკორდი კიბით სიარულში – შოშიაშვილს გინესის წიგნში მოხვედრა სურს

ავთანდილ შოშიაშვილის თქმით, ის პირველი იქნება, ვინც ამგვარ რეკორდს დაამყარებს, ვინაიდან მანამდე მსგავსი ფორმით დიდი მანძილის გადალახვა არავის უცდია.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. 59 წლის ავთანდილ შოშიაშვილს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა ე.წ. ორფეხა კიბეზე სიარულით სურს, იუწყება ტელეარხი „იმედი“. 

შოშიაშვილი ამჟამად ხელოსნად მუშაობს, ახალგაზრდობაში კი ჭიდაობას მისდევდა. გასულ წელს მან 16,7 კმ-ის გავლას ფონიჭალიდან ტაბახმელამდე, სადაც ცხოვრობს კიდეც ოჯახთან ერთად, 16 საათი და 15 წუთი მოანდომა. 

„იმდენი კილომეტრის გავლა შემიძლია, რამდენი წლისაც ვარ, ანუ 59-ის“, — აცხადებს შოშიაშვილი.

„კიბით მოსიარულე“ იქვე განმარტავს, რომ ამ მანძილის გავლა შესვენებისა და ძილის გარეშე 48 საათში შეუძლია.

ავთანდილ შოშიაშვილის თქმით, ის პირველი იქნება, ვინც ამგვარ რეკორდს დაამყარებს, ვინაიდან მანამდე მსგავსი ფორმით დიდი მანძილის გადალახვა არავის უცდია.

მან ჯერ კიდევ შარშან მიმართა საქართველოს რეკორდების ფედერაციას თხოვნით, დაეფიქსირებინათ მისი რეკორდი, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიუღია. 

შოშიაშვილის თქმით, ის მზადაა გაზარდოს მანძილი, თუ ეს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსს მისცემს.