რატომ არ ტარდება ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები – მოსწავლეებმა აქცია გამართეს

გავრცელებული ინფორმაციით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩატარდება იმ ქალაქებში, სადაც უმაღლესი სასწავლებლები არ არის, კერძოდ, ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ფოთში საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტეკლასელებმა აქცია გამართეს და საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, იუწყება „sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩატარდება იმ ქალაქებში, სადაც უმაღლესი სასწავლებლები არ არის, კერძოდ, ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში.

აბიტურიენტების საყურადღებოდ: სიახლეები 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

„ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გამოცდები ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში არ ჩატარდება, რადგან ამ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ არის. ფოთში კი მესამე წელია ფუნქციონირებს „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი" და განათლების სამინისტროს არგუმენტი ყოვლად მიუღებელია", — განაცხადა აქციის მონაწილე საბა შარტავამ.

აქციის მონაწილეებს ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ უკვე მიმართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი წერილით. მოსწავლეები სამინისტროსგან აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

ფოთის საგამოცდო ცენტრში 1,5 ათასამდე აპლიკანტი ირიცხებოდა.

2018 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად — მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.