ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მერლინ მონრო და მექისე თბილისურ აბანოში

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი შოთა ნოზაძე ერთი დღით თბილისის აბანოებს ესტუმრა და, არც მეტი, არც ნაკლები, მერლინ მონროს მექისის როლი მოირგო.
Sputnik

ჟან შარდენი, ალექსანდრე დიუმა, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე პუშკინი, რიჩარდ უილბრაჰამი… ვინ აღარ ყოფილა ტფილისის აბანოების სტუმარი, მაგრამ არა მერლინ მონრო, თუ არ ჩავთვლით ჩემ შემთხვევას…

იმედი მაქვს, მეც „კეისრის ცოლივით“ არ გამასამართლებთ და ეჭვის თვალით არ შემომხედავთ, თუ გეტყვით, რომ პროფესია ისევ შევიცვალე, Hermes-ის სუნამო აბანოს სურნელში გადავცვალე და ერთი დღით აბანოთუბანში ბოჰემური ცხოვრებით ვიცხოვრე, შემდეგ კი რედაქციაში სულ ფრენა-ფრენით დავბრუნდი.

Фотоколлаж. Тифлис - Тбилиси. Старый город

ახლა, ალბათ, ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ იყო დრო, როცა ქალებს ფეხის წვივის გამოჩენისაც კი რცხვენოდათ იქ, სადაც ძველი ტფილისის ყარაჩოღელ ძმაბიჭებს გოგირდის აბანოების გარეშე ქეიფი ქეიფად არ მიაჩნდათ. ყოველ სადღეგრძელოს მოჰყვებოდა ხოლმე დუდუკის ტკბილი ჰანგი, რომელიც, ღვინისგან შეზარხოშებულთ, ეშხში შესულებს, ქალაქის სითბოსა და სილამაზეს აგრძნობინებდა. აბანოთუბანში ჩამოსული, ქეიფში, პურ-მარილში ღამენათევი შავჩოხიანებისთვის ცხელი აბაზანისა და ლაზათიანი ქისის შემდეგ სუფრა აუზის თავზე იშლებოდა და კვლავ ისმოდა ტფილისელი აშუღების სადღეგრძელოები.

იქ, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს, უბრალო ქალბატონები საპონს ხარშავდნენ და სარეცხს რეცხდნენ. აბანო იყო ტფილისელი ქალებისთვის კლუბიცა და თეატრიც.

Фотоколлаж. Прачки стирают белье у тифлисских серных бань

გასათხოვარ ქალბატონებს აბანოს ნივთებსაც კი ატანდნენ მზითევში: ზირანდაზი, სუზანი, სალბობი ჯამ-თასები, ხალიჩა, ქეჩა და ბოხჩა… სანამ მზითევზე მიდგებოდა საქმე, მულ-დედამთილი დედიშობილა სარძლოს მუშტარივით სინჯავდა — ხინჯი ხომ არ ჰქონდა რამე, გონჯი არ გამომდგარიყო.

მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა…

მას შემდეგ ისევ დადიან ყოფილი თავადები, მათი კრედიტორები, მსახურები, მუქთახორები, მილეთის ხალხი, მემამულეები, დიდებულები, პოეტები და სწავლულებიც…

ახლა ნომრები ჩაკეტილი, მყუდრო და ინტიმურია – თანამედროვე ადამიანებს მეტი რა გვინდა. ერთადერთი, რაც აბანოებში შეუცვლელი და კოლორიტული დარჩა, წყალი და მექისის პროფესიაა, რომელმაც სიძველესაც გაუძლო და წლების დინებასაც.

Мекисе (тёрщик в бане)

თბილისური აბანო მექისის გარეშე წარმოუდგენელია. მექისეების დიდი ნაწილი აზერბაიჯანელი ეროვნებისანი არიან. რომ არა მექისის, ანუ მეაბანოეს ხელოვნება, ალბათ, თბილისური აბანოებიც ვერ იქნებოდნენ აგრერიგად ნაქები. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის არანაირი ოფიციალური სერტიფიკატი არც მე ამიღია და არც მათ გააჩნიათ, ეს ადამიანები გოგირდის აბანოების განუყრელ პროცედურებს — პილინგისა და ქაფის მასაჟის ტექნიკას ვირტუოზულად ფლობენ, რადგან მათი დედები, მამები და პაპებიც აქ მუშაობდნენ, ცოდნა კი შთამომავლობით გადაეცემათ.

მე ცოდნა კოლორიტმა მეაბანოე მარომ გამიზიარა…

დღეს მე მექისე ვარ, ჩემი „კლიენტი" კი მერლინ მონროა…

რთულია იყო მერლინ მონროს მექისე… აქ სქესი არ უნდა გქონდეს… რთულია, მაგრამ აქ ასეა მიღებული უძველესი დროიდან — აბანოში ყველა თანასწორია…

Тбилисские бани: репортер Sputnik меняет профессию

როგორც ყველა მეაბანოეს, მეც თან მქონდა შალის ხელთათმანი და „ტილოს ბუშტი“.

ხელები მოქნილად დაცურავდა საპნის ქაფით თეთრად დაპენტილ სხეულზე. ძვლებს სულ ჭახა-ჭუხი გაუდიოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა მერლინს, უნდა დამორჩილებოდა მოქნილ დარტყმებს. ვგრძნობდი, როგორ გაეშალა თანდათან სხეულის ყველა კუნთი, როცა დავამუშავე სხეულის ყველა ნაკვთი, მთელი ტანით სუნთქავდა, ჰაეროვანი გახდა და ძვირფასი ლოსიონებით მოვლილი კანი ჩვილის რძის სურნელით გაჟღენთილს დაემსგავსა…

მასაჟი ყველაზე ფაქიზად ხერხემალზე კეთდება, თითოეული წერტილი უნდა იცოდე – სად და რამდენად შეეხო, რომ არ დააზიანო. ზურგზე ბრაგაბრუგის და სახსრების დაჭიმვის შემდეგ „გამოჯანმრთელებული“ აბაზანაში შეცურდა და ტკივილი გაყუჩდა.

Тбилисские бани: репортер Sputnik меняет профессию

აბანოს დედოფალი, კოლორიტი მარო გვიყვება, რომ გოგირდწყალბადიანი აბაზანა ათადან-ბაბადან ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით გამოირჩეოდა. მერლინს აღარ უნდა ეშინოდეს სახსრების, ხერხემლის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის სხვადასხვა სნეულების, ქალური და სისხლის მიმოქცევის ორგანოთა დაავადებების.

დედაქალაქ–კურორტში წყალიც და ხალხიც მკურნალია.

თუ თბილისურ აბანოებში მექისის „ხელში“ აღმოჩნდებით, იცოდეთ, რომ არც მექისეობის მაგისტრატურა აქვთ გავლილი და არც უცხოეთში მიუღიათ განათლება. მათ ეს გამოცდილება ახალგაზრდობიდანვე შეიძინეს ცოდნით, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. საქმე კი ხელოვნების ხარისხში აიყვანეს.

საქმის დროს ანატომიაშიც უნდა ერკვეოდეს მექისე. მექისეობა მხოლოდ ხელების ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა არ ყოფილა. როცა ადამიანს ზურგზე ფეხებით დაადგა „აბანოს დედოფალი“, ამას მივხვდი და თან მიკვირდა, როგორ არ სრიალებდა. მე ამის უფლება არ მქონდა, რადგან ერთი არასწორი მოძრაობით დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ხერხემალი ან სხეულის სხვა ნაწილი დამეზიანებინა.

ინტიმური პროფესიაა. სარდაფებში დაგუბებული აურა სტუმრებს გულახდილს ხდის და მეაბანოესთან თავიანთ ცხოვრებაზე ალაპარაკებს. რასაც მეაბანოვე ისმენს, იქვე რჩება, წყალს ატანს და ელოდება შემდეგ ისტორიას.

Серные бани в Тбилиси.

რედაქციაში ისევ Hermes-ის სუნამოთი დაბრუნებულმა და ბოჰემური სულით გაჯერებულმა მერლინის ცხოვრებაზე არა, მაგრამ მექისის ცხოვრებაზე მოვყევი. უფრო სწორად, პირველი, რაც ვთქვი, ეს იყო: „ყველა დღე ასე უნდა იწყებოდეს!“

მეაბანოეს „სქესი არ აქვს“, არც ჟურნალისტს აქვს სქესი, მით უფრო მაშინ, როცა აბანოში მერლინ მონროსთან ერთადაა…

…იქიდან კი მეაბანოე მაროს ხმა კვლავ ჩამესმოდა: გამთელდა! ჩქარა ყველი, მწვანილი, ღვინო!