გახარია: ხელისუფლება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისთვის ყველაფერს გააკეთებს

საქართველოს ხელისუფლებამ ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისგან უარი მიიღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე, რომელიც ოსური მხარის მიერ დაკავების შემდეგ დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამას შეხვდა და განუცხადა, რომ ცხედრის უმოკლეს ვადებში ქართული მხარისთვის გადმოცემისთვის ყველაფერი კეთდება.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა. ეს აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც დაღუპულის ახლობლებმა და ნათესავებმა ცენტრალური მაგისტრალი თითქმის ერთი საათით გადაკეტეს. ისინი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვდნენ.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებაში განმარტეს, რომ ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, რის გამოც დე-ფაქტო ძალოვანმა ორგანოებმა ძალა გამოიყენეს. შედეგად ის დაეცა და კიბეზე დაგორდა, გახდა ცუდად. დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ტატუნაშვილის ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.

„გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენებისთვის ატარებს", — აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცეს.

უფრო ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) დე-ფაქტო ხელისუფლებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. ოსი ერის გენოციდში, „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.

ტატუნაშვილის დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სუს-ის მოთხოვნით ორშაბათს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარებისთვის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი დააყენა, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე უარი მიიღო, რადგან, მათი თქმით, ექსპერტიზა თავდაპირველად უნდა ჩაატარონ სპეციალისტებმა რუსეთიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავის მხრივ, ორშაბათს გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს ჟენევაში შეხვდა და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვების საკითხი დააყენა.

არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.