Air France-ის თვითმფრინავებში ქართულ ფილმ „დედეს" აჩვენებენ

ქართული ფილმი „დედე" ფრანგული ავიაკომპანიის მგზავრებს საქართველოს კულტურას გააცნობს.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. მარიამ ხაჭვანის სვანური ბალადა „დედე" პირველი ქართული ფილმი გახდება, რომელსაც უდიდესი ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის მგზავრებს უჩვენებენ.

„Air France-მა გამოთქვა სურვილი, რომ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე" მათი ავიახაზების მგზავრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მალე მგზავრები „დედეს" ნახვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეძლებენ", — ნათქვამია ფილმის Facebook-გვერდზე.

Air France არის Air France-KLM-ის შვილობილი კომპანია. KLM-თან შერწყმამდე ის საფრანგეთის მთავარი ეროვნული ავიაკომპანია იყო. შედის საერთაშორისო ალიანსში SkyTeam. მისი მთავარი ბაზაა „შარლ დე გოლის“ საერთაშორისო აეროპორტი. 2017 წლის მონაცემებით, Air France-ის ავიახაზების მომსახურებით 98.7 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

„ეს ნიშნავს 98.7 მილიონ შესაძლებლობას, 98.7 მლნ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ქვეყანა, ჩვენი პატარა სამოთხე. ეს არის შესაძლებლობა ეკონომიკური კეთილდღეობისა და ტურიზმის დიდი განვითარებისა", — აღნიშნეს ფილმის შემქმნელებმა.

ქართველმა რეჟისორმა ბერლინალეზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო მიიღო

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ფილმმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, ხოლო მსახიობების უმეტესობა — სვანი.

ფილმი „დედე" კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათი, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West, ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed-ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა. შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.

ფილმის ქართული პრემიერა 2018 წლის 22 თებერვალს გაიმართა.