„ძალიან ცუდი გამოცდილება მქონდა ძიძებთან დაკავშირებით. ინგლისში ცხოვრების პერიოდში ორი ქართველი ძიძა გვყავდა. მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე დღით წავედით დასასვენებლად და ბავშვები მათ დავუტოვეთ. სულ მალე გვირეკავს ჩვენი მეგობარი და გვეუბნება, რომ ჩვენი ძიძები ქურდობაზე დაიჭირეს. ბავშვები გამოიყენეს ამისთვის. საბავშვო ეტლში ჰქონდათ დამალული მოპარული ტანსაცმელი“, – ამბობს სალომე ღვინიაშვილი.
მისი განცხადებით, ინგლისში დაბრუნების შემდეგ ძიძების გასათავისუფლებლად ჯარიმა მათ გადაიხადეს, აუღეს ბილეთები და ორივე საქართველოში დააბრუნეს. თუმცა უფროს ქალიშვილს, რომელიც ამ დროს ორი წლის იყო, საკმაოდ დიდხანს ეშინოდა მაღაზიაში შესვლის და დაცვის თანამშრომლების, რადგან ძიძების დაკავება მის თვალწინ მოხდა.