ემიგრანტებს საქართველოში უფასო ადვოკატები მოემსახურებიან

ვის უნდა მიმართონ ემიგრანტებმა საქართველოში უფასო იურიდიული კონსულტაციისთვის
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ემიგრანტებისთვის და საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრებისთვის დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერმა ასოციაციამ სპეციალური პროექტის — „ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში" განხორციელება დაიწყო, განუცხადა „Sputnik—საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელმა, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტმა ზაალ სარაჯიშვილმა.

„ეს პროექტი ემიგრანტებს მისცემს შესაძლებლობას დისტანციურად, საქართველოში ჩამოუსვლელად სწრაფად და გამართულად მიიღონ იურიდიული კონსულტაცია, დაამყარონ მათთვის საჭირო კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან და დაიცვან საკუთარი ინტერესები სასამართლოში", — განაცხადა ზაალ სარაჯიშვილმა.

პროექტის ფარგლებში იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის უფასოა, ხოლო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებში საადვოკატო საქმიანობის განხორციელება ემიგრანტის დავალებით და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით იქნება შესაძლებელი.

ემიგრანტებს გაეწევათ იურიდიული კონსულტაცია და საადვოკატო მომსახურება შემდეგ საკითხებში: ნასამართლეობის, ქორწინების, განათლების და მართვის მოწმობის შესახებ ცნობებისა და სხვა დოკუმენტების გამოთხოვა, ასევე მათი შემდგომი ლეგალიზაცია ან აპოსტილით ან ნოტარიულად დამოწმება; საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა ან მოქალაქეობის მინიჭების სამართლებრივი უზურველყოფა; საკუთრების, მათ შორის უძრავი ქონებისა და მშენებარე ობიექტების სამართლებრივი დაცვის უზურველყოფა: წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში; ბრალდებულის, დაზარალებულის და მოწმის დაცვის განხორციელება სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებისას და სასამართლოში.

საქართველოს პრეზიდენტი ემიგრანტებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებას შეპირდა

„პროექტის ფარგლებში განხორციელდება Skype-ით დისტანციური კონსულტაცია, წინასწარი ჩაწერით. ემიგრანტისთვის პრაქტიკულობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, დისტანციური კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება სხვა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებითაც (Viber, WhatsApp, Telegram). ემიგრანტის პირადი მიმოწერისა და Online–საუბრის კონფიდენციალურობა დაცული იქნება სათანადო დონეზე", – განაცხადა ზაალ სარაჯიშვილმა.

პროექტის განხორციელება ასოციაციამ მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დაიწყო. მისი დაწყების აუცილებლობა კი ემიგრაციიის საკითხებში რთული ბიუროკრატიის არსებობამ განაპირობა.

პროექტს ახორციელებს დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის წევრი — კომპანია „სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი", სადაც მოწვეული არიან სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები. პროექტით სარგებლობა ყველა ემიგრანტს შეუძლია ადგილსამყოფლის მიუხედავად, ხოლო ადვოკატებთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე +995 599 99 27 09; +995 599 30 99 92 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: saradjishvililawoffice@gmail.com.