ფოთში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა - დაშავებულია მოზარდი

ხანძრის შედეგად მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა, იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ხანძრის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა, რომელიც ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი ფოთში

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო სამსახური დროულად გამოცხადდა, ბინა მთლიანად დაიწვა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით“) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.