თვალი მიჭირავს ბანკზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა...

სავალუტო რყევების "უხილავი" ფაქტორები და ეროვნული ბანკების მზრუნველობას "მოკლებული"კომერციული ბანკების "ღვაწლი"... ვინ რამდენს გამორჩა ვალუტით ვაჭრობაში და როგორ კეთდება ერთ თვეში მილიონები...
Sputnik

ერთგულო მკითხველო, სათქმელის ჩამოყალიბებას ორიგინალურად ვეცდები და კარგად ვიცი, რომ ამით თქვენ თუ არა, სულ ცოტა, პატივცემულ რედაქტორს მაინც არ გავაკვირვებ. აქვე ვიტყვი, რომ ის კი არ ვიცი, ამას რა ჰქვია… ახლა, შესაძლოა, ჩამეკითხოთ — მაინც რას, ვთქვათ, როცა აქვეა მტკვარი? არა, ბუნების ეს ქმნილება თბილისს რომ ორად ჰყოფს, არაფერ შუაშია. მოცალეობის ჟამს კიდევ ერთხელ გადავხედე ბოლო პერიოდის ჩემსავე პუბლიკაციებს და მივხვდი, რომ ძალზედ „უშნოდ დავადგი თვალი“ საბანკო სექტორს. თავად განსაჯეთ, ლამის ყოველი მომდევნო სტატია კომერციული ბანკების „თავგადასავალს“ გვიამბობს. ერთი სიტყვით, თვალი მიჭირავს ბანკზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა… ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატებ და წინამდებარე სტატიით ქვეყნის საბანკო სექტორის მორიგ წარმატებაზე გაუწყებთ.

ბანკებისა და მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება და მსესხებელთა რისკები

კომერციული ბანკების მოგება სხვადასხვა საბანკო ოპერაციიდან ყოველწლიურად რომ იზრდება – არახალია, თუმცა, შესაძლოა, პატივცემულმა მკითხველმა არ იცოდეს, რომ ბანკების შემოსავალი დიდი სისწრაფით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ხარჯზეც იმატებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კურსის მერყეობის პერიოდში კომერციული ბანკების მოგება მუდმივად იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის იანვარში სავალუტო ოპერაციებიდან მოგების მაჩვენებელი 17,866 მილიონი ლარი იყო, წელს კი ერთბაშად 10 მილიონით გაიზარდა და 27,342 მილიონი ლარი შეადგინა. მკითხველისთვის უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, ხაზგასმით აღვნიშნავ, ბანკებმა მხოლოდ ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 2018 წლის იანვრის თვეში არასრული 30 მილიონი ლარის მოგება მიიღეს. სპეციალისტები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ სავალუტო ბაზარზე არსებულ არასტაბილურობას კომერციული ბანკები სათავისოდ იყენებენ. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ხშირად ხელს უწყობენ კიდეც კურსის მერყეობას.

გამარჯობა, თქვენ გელით კრედიტი! ანუ „Надо меньше пить…“

ფინანსისტები, საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ კურსის ნებისმიერი მერყეობა, თუნდაც მცირედი, კომერციულ ბანკებს დამატებითი მოგების შანსს უზრდის. მათი განმარტებით, ბანკების მოგება ვალუტის ყივა-გაყიდვით ნამდვილად იზრდება, თუმცა რთულია საუბარი, ისინი ხელოვნურად იწვევენ თუ არა ამ რყევებს. კომერციულმა ბანკებმა, შარშანდელთან შედარებით, მართლაც მეტი მოგება მიითვალეს. ეს კი, პირველ რიგში, განპირობებულია საფინანსო ბაზარზე ბევრად მეტი ფულის კონვერტირებით. გარდა ამისა, ბოლო თვეებში ეროვნული ვალუტა უფრო არასტაბილურია, ვიდრე გასულ წელს, რაც კომერციული ბანკების დამატებითი შემოსავალია. აქვე საგულისხმოა, რომ საბანკო სექტორის სპეციალისტთა ხედვებს ექსპერტებიც იზიარებენ…

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „მარტივი მოცემულობაა, რომ სავალუტო კურსის ნებისმიერი მერყეობა, თუნდაც სულ უმნიშვნელო, ბანკებისთვის, რომლებიც მსხვილი თანხებით ვაჭრობენ, ყოველთვის მოგების მომტანია. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ნებისმიერი რყევის დროს კომერციულ ბანკებს დიდი მოგების მიღების შანსი აქვთ. თუ ჩვენ დავაკვირდებით ლარის კურსს, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის რყევები არ არის განპირობებული საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე დოლარის პოზიციის გაძლიერებით ან დასუსტებით, არც ისეთი ფუნდამენტური ფაქტორებით, როგორიც არის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. ჩვენთან ძალიან სერიოზული გადახრაა, რაც განპირობებულია კომერციული ბანკების აქტივობით ფულის გადარიცხვის თვალსაზრისით…

ბანკირი „ჯოტიას“ ახალი რეკორდი და „ხუტა უფროსის“ განცდები...

მათ გააქვთ ან შემოაქვთ ვალუტა ქვეყანაში, რაც გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე, მით უმეტეს, როდესაც თანხა მოცულობითია. გარდა ამისა, კომერციული ბანკები ახორციელებენ ვალუტის კონვერტირებას არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, არამედ კლიენტის დავალებითაც. ამაში მეტწილად იმპორტიორები მონაწილეობენ, რომლებსაც გააქვთ ვალუტა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მეტი შემოსავლის მიღება განპირობებულია ბევრად მეტი შესაბამისი საბანკო ოპერაციით. როცა ვალუტის მოცულობა იზრდება, ბუნებრივია, მისგან მიღებული შემოსავალი ან ზარალიც იმატებს. კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ ბოლო თვეებში სავალუტო ბაზარზე მერყეობა ბევრად უფრო მკვეთრია, ვიდრე შარშან იყო, რაც ასევე კომერციული ბანკების დამატებითი შემოსავალია. არის თუ არა ეს რყევა ხელოვნური? როდესაც კომერციული ბანკები ახდენენ საკონვერტაციო ოპერაციებს, მათ არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა ეკონომიკას. თუ სჭირდებათ დიდი თანხის გატანა ქვეყნიდან, დაუფიქრებლად გააქვთ. ამ დროს თუ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, ეს კომერციული ბანკის ინტერესში არ შედის. ასეთ სიტუაციაში, შესაძლებელია, დიდი მოგება ნახონ ან იზარალონ კიდეც. სავალუტო ბაზარზე არსებული ტენდენციის გამოყენება ბანკებს ზედმიწევნით შეუძლიათ…“

კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თუ ჯამაგირი კაცს?!

საბანკო სექტორის იანვრის თვის რეკორდულ ნახტომზე ფინანსისტები ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, თუ კომერციული ბანკები სპეკულაციით ცდილობენ ბაზარზე მუშაობას და ასე ზრდიან მოგებას, ეს ეროვნული ბანკის პრობლემაა და მან უნდა დაარეგულიროს საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი: „კურსის მერყეობისას ბანკები, რომლებიც დიდი მარჟით მუშაობენ, საკმაოდ მოგებული არიან. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ვალუტის რყევას ისინი ამ მოგების გამო იწვევენ, მაგრამ ეჭვი ნამდვილად არსებობს. გაცვლითი კურსის გარდა, მათი მოგების წილი მოდის კონვერტაციის კომისიებზე. კლიენტმა არ იცის, რა კურსით ყიდულობენ ბანკები „ბლუმბერგის“ სისტემაში ვალუტას. შესაბამისად, უცნობია სპეკულაციური მასშტაბები. ასევე დამატებითი შემოსავალი აქვთ ჰეჯირების ოპერაციიდანაც. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კრედიტს ლარში გასცემენ, სახსრებს კი დოლარში იზიდავენ და მათ სავალუტო რისკების შესამცირებლად საბანკო დეპოზიტზე ათავსებენ. რეალურად, კურსის დაზღვევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წლიური 7-8 პროცენტი უჯდებათ. ეს კი ბანკების დამატებითი მოგებაა. ბანკები მოგებას ხშირად ე.წ. სპეკულაციური კომბინაციებიდანაც იღებდნენ, მაგრამ მთავარია, სისტემა იყოს ისე მოწყობილი, რომ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს ნაკლებად მიეცეთ სპეკულაციური მოგების მიღების საშუალება. ამაზე კი ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს…“

და, ბოლოს, რაც შეეხება ეროვნული ბანკის მზრუნველობას, ვიცი, ის არც მომავალში მოაკლდებათ კომერციულ ბანკებს… ისე, ამ „მზრუნველობის“ გარეშე არც ეს რეკორდი შედგებოდა!