თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ლიტვა ქართველ აბიტურიენტებს უფასო სასწავლო პროგრამებს ქვეყნის ათ წამყვან უნივერსიტეტში სთავაზობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ამის შესახებ გახდა ცნობილი განათლების მერვე საერთაშორისო გამოფენაზე (International Education Fair Georgia 2018), რომელიც Expo-Georgia-ს საგამოფენო დარბაზში 23-24 თებერვალს ტარდება. გამოფენაში 14 ქვეყნის 70-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი გამოფენები აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლებიც დღეს არსებობს. მერვე საერთაშორისო გამოფენა სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება“, — განაცხადა ნატრიაშვილმა.
გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ ვირტუალურად იმოგზაურონ ლიტვის უნივერსიტეტებში, რათა უკეთ დაინახონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყანა 18-დან 30 წლამდე ასაკის მოსწავლე ახალგაზრდობას სთავაზობს.
ღონისძიებას საქართველოში ლიტვის ელჩი გედრიუს პუოჯუნასი (Giedrius Puodziunas) ესწრებოდა. მისი თქმით, ლიტვა ქართველ სტუდენტებს მაღალი ევროპული დონის განათლებას სთავაზობს.
International Education Fair Georgia წარმოადგენს ქვეყნის ძირითად საგანმანათლებლო გამოფენას, სადაც ასობით მოტივირებული სტუდენტი მსოფლიოს პრესტიჟული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ხვდება.
ორგანიზატორთა თქმით, ქართველი სტუდენტების, ასპირანტების და სკოლის მოსწავლეთა 25% სწავლის გაგრძელების მათთვის ხელმისაწვლდომ ვარიანტს უცხოეთში ეძებს. სწორედ განათლების ეს გამოფენა წარმოადგენს იმ პლატფორმას, რომელიც აღნიშნულ საკითხში ამომწურავი ინფორმაციის მიღების იდეალურ შესაძლებლობას იძლევა.