გოაში წმინდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება

ინდოეთში 2016 წლიდან ტარდება საკრალური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ქართველი დედოფლის სახელს ატარებს.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, გოას შტატში 23 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით გაიმართება წმინდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი ფესტივალი.

The KETEVAN World & Sacred MusicFestival — ესაა საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 2016 წლიდან ინდოეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი რელიგიისა და მუსიკის ჰარმონიულ თანაარსებობას ასახავს.

„ფესტივალის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად, მსმენელთა წინაშე წარდგება ქართველ მგალობელთა გუნდი "აღსავალი". კონცერტები ჩატარდება იმ ადგილზე, სადაც წმინდა დედოფლის ნაწილები იქნა აღმოჩენილი", — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები: ინდოეთიდან საქართველოში

ღონისძიებაზე მოწვეული არიან ინდოეთის სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურის, მასმედიის წარმომადგენლები. პროექტი მოიცავს როგორც მუსიკალურ, ისე საგანმანათლებლო, სოციალურ და კვლევით ასპექტებს.

ისტორიული წყაროების თანახმად, ქეთევან დედოფალი 1614 წელს სპარსეთის მმართველმა შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. ათწლიანი ტყვეობის მანძილზე ქეთევანს აიძულებდნენ სარწმუნოების შეცვლას, მაგრამ მან უარი თქვა. ამის გამო ის წამებით მოკლეს. პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის მკვლელობას შეესწრნენ, საიდუმლოდ ამოთხარეს მისი ცხედარი და ისპაჰანში გადაასვენეს. მოგვიანებით მისიონრებმა ნეშტის ნაწილები საქართველომდეც ჩამოაბრძანეს — 1723 წლამდე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში ესვენა, თუმცა მოგვიანებით დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასვენია გოას წმინდა ავგუსტინის მონასტერში, ვატიკანსა და ბელგიაში. XIX საუკუნის დასაწყისში გოას მონასტერი განადგურდა. ამის შემდეგ ქეთევან დედოფლის ნაწილების საპოვნელად სამეცნიერო ექსპედიციებს სხვადასხვა დროს ატარებდნენ ინდოეთში. დედოფლის ნეშტი ინდოეთში 2013 წელს იპოვეს.