დაიწყო ზუგდიდის ორსაუკუნოვანი ბოტანიკური ბაღის აღდგენა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 26,4 ჰექტარზეა განთავსებული და იქ დაახლოებით ორასწლოვანი ხეები ხარობს.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. დაიწყო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენა, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს. პროექტის საერთო ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება", — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

განახლებული ბოტანიკური ბაღი მეტ ტურისტს მოიზიდავს, ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, აღნიშნა მინისტრმა. გარდა ამისა, ალავიძემ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის იშვიათ მცენარეებს მთელი ამ დროის განმავლობაში უვლიდნენ.

„მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში", — განაცხადა ალავიძემ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

აღდგენითი სამუშაოების პროცესში დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული შენობების რემონტი, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგების სისტემის აღდგენა, ასევე სასეირნო ბილიკების მოწყობა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენა 2019 წლის ივნისში დასრულდება. პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. ის სამეგრელოს მთავრების სასახლის დეკორატიული ბაღის სახით მოეწყო.

ბაღის შესაქმნელად მე-19 საუკუნეში სპეციალურად მოიწვიეს ევროპელი მებაღეები და ევროპიდან იშვიათი მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.

ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.

ბაღისთვის ნერგები და თესლები საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, ხოლო დეკორატორად იტალიელი მებაღე ჟოზეფ ბანინი მოიწვიეს. მან მთლიანად შეცვალა ბაღის გარეგნული იერი. სწორედ ბანინიმ შექმნა ხელოვნური ტბა პატარა კუნძულით.