რა ხდება საქართველოს სარეკლამო ბაზარზე

საქართველოში ტელეკომპანიების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამა, სპონსორები და ტელეშოპინგია
Sputnik

თბილისი,  22 თებერვალი — Sputnik.  ორ მედიაჰოლდინგზე  „ტელეიმედსა“ და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ზე სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის  81% მოდის, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  კვლევაში.

ეროვნულმა კომისიამ  2012–2017  წლებში სატელევიზიო რეკლამებიდან  შემოსავლების ანალიზი წარმოადგინა, რომელშიც ასახულია საქართველოს სარეკლამო ბაზრის ბოლო ტენდენციები. 

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია: საზმაუ რეკლამაზე თანხის გამომუშავებას შეძლებს

„მაუწყებლების რაოდენობა 54–დან 98-მდე არის გაზრდილი, ხოლო ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების რაოდენობა  2012 წლიდან დღემდე 4–დან 21-მდეა გაზრდილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიების  შემოსავლის ძირითად წყაროს სარეკლამო, სასპონსორო, პროდუქტის განთავსებისა და ტელეშოფინგის შემოსავლები წარმოადგენს. ამასთან, ორ მედიაჰოლდინგს  – „ტელეიმედსა“ და შპს  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს  სარეკლამო ბაზრის 81% უკავია.

შპს „ტელეიმედი“ აერთიანებს ტელეარხებს – „იმედი“, „მაესტრო“,  GDS, ხოლო „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ – ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“, „კომედი“  და „მარაო“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წელს აღნიშნულმა მედიაჰოლდინგებმა ტელეარხებზე სარეკლამო დროის გაყიდვის უფლება  გადასცეს შპს „ინტერ მედიას“, რამაც სარეკლამო ბაზარზე სერიოზული ცვლილებები გამოიწვია.

ორი მედიაჰოლდინგის მიერ  წარმოდგენილი 2017 წლის მეოთხე კვარტლის  მონაცემებში უზუსტობა იქნა აღმოჩენილი და რეკლამის დამკვეთებისგან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში სარეკლამო სააგენტოები  რეკლამის განთავსებისთვის დამკვეთის მიერ გადახდილი თანხის  27%–მდე, ზოგჯერ კი 33%–მდე  იტოვებდნენ. 

ექვსი ქართული არხი 1 დეკემბრიდან საკაბელო ტელევიზიებიდან ითიშება

 „რეკლამაში გადახდილი თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა, შესაბამისად ეს თანხა მათ შემოსავლებში არ აისახა“, – აღნიშნულია კვლევაში.

კომისიის მონაცემებით, ორმა მედიაჰოლდინგმა სარეკლამო შემოსავლების 20%–ზე მეტი მიიღო, რაც კომისიას საფუძველს აძლევს განაცხადოს, რომ 2017 წელს მოხდა არა სარეკლამო ბაზრის შემცირება, არამედ  ტელევიზიაში თანხების შემცირება და თუ მედიაჰოლდინგები რეკლამას ძველი სქემით გაყიდდნენ, ისინი 60,1 მლნ ლარის ნაცვლად, 75 მლნ ლარზე მეტს მიიღებდნენ. 

ანალიზის მიხედვით, მსგავსი ვითარება ჰქონდა  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს  2015 წლის მეოთხე კვარტალში, როდესაც ტელეკომპანიამ რაღაც მიზეზებით დადგენილზე უფრო ნაკლები თანხა მიიღო. 

კვლევის თანახმად,  2017 წელს გაიზარდა სარეკლამო დროის ღირებულება და  იმ ტელეკომპანიის შემოსავალი, რომელიც არ სარგებლობდა შპს „ინტერ მედიას“ მომსახურებით,  გაიზარდა  23%–ით.

2017 წელს ყველა ტელეკომპანიის საერთო შემოსავალმა მონაცემების კორექტირების შემდეგ 89 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3%–ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია შექმნილ სიტუაციას  და თუ სად წავიდა მედიაჰოლდინგების თანხა, კანონის შესაბამისად შეფასებას არ აძლევს.