ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ეკლესია ააშენეს

მარმალის სამხედრო ბაზაზე ეკლესიის აშენებაში ქართველ სამხედროებს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებიც ეხმარებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში" (Resolute Support) მონაწილე ქართველმა სამხედროებმა მაზარ-ი-შარიფში, მარმალის სამხედრო ბაზაზე წმინდა გობრონის სახელობის ეკლესია ააგეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა წმინდა გობრონის სახელობის ეკლესიის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყეს და 2018 წლის იანვრის დასაწყისში დაასრულეს. ამ დრომდე მარმალის სამხედრო ბაზაზე მხოლოდ სამლოცველო ოთახი იყო. ეკლესიის მშენებლობის გადაწყვეტილება ასეულის შემადგენლობამ და კაპელანმა, მამა გობრონმა მიიღეს.

2017 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ასობით ქართველი მონაწილეობდა

ეკლესია იმ ყაზარმის გვერდითაა განთავსებული, სადაც ქართველი სამხედროები ცხოვრობენ. მოეწყო სალოცავი, სალოცავის ეზო, ასევე ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი და სამრეკლო. ეკლესიის ეზოში დარგეს ხეები, ეკლესია და მისი გალავანი კი ქვებით მოაპირკეთეს.

ქართველ სამხედროებს მშენებლობაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებიც დაეხმარნენ.

მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს საკუთარი სამხედრო მოძღვარი არ ჰყავს, შესაბამისად, საეკლესიო დღესასწაულებზე წირვა-ლოცვას პერიოდულად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის კაპელანი აღავლენს.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის. საქართველოს მხრიდან მისიაში ამ ეტაპზე 872 სამხედრო მონაწილეობს.