ბახტაძე: ჩვენი მიზანია მაქსიმალურად წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი

საქართველოს ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.
Sputnik

„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი. სამწუხაროდ, ამ მეწარმეების წილი ჩვენ ეკონომიკაში არ არის იმდენი, რაც გვსურს რომ  იყოს, და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ის ჩვენ მშპ-ში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახადო რეფორმა 120 ათას მეწარმეს შეეხება. ახალი ინიციატივის თანახმად, მცირე მეწარმის სტატუსი გაიზრდება და დღეს არსებული 100 ათას ლარის ზღვარი 500 ათასამდე აიწევს. 5-ჯერ შემცირდება მათთვის საგადასახადო ტვირთი და ბრუნვის გადასახადი დღეს არსებული 5%-იანი ზღვრიდან ჩამოვა 1%-იან ნიშნულზე. გაუქმდება  პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს წინასწარ გადასახადების გადახდას საავანსო რეჟიმში,  მნიშვნელოვნად მცირდება და მარტივდება ბუღალტერიის წარმოება. მცირე მეწარმეებს ასევე ექნებათ საშუალება, ჩაითვალონ დღგ. ადრე დღგ ხშირად მათ ხარჯად უფიქსირდებოდათ. ამასთან ერთად, თუ დღგ-ის ზედმეტობა დაფიქსირდება, სახელმწიფო მათ ამ თანხას ხაზინიდან 5 დღეში დაუბრუნებს ანგარიშზე.