გიორგი კვირიკაშვილმა მასმედიაზე ზეწოლა გამორიცხა

იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენ ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
Sputnik

„მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ. ზეწოლას ეხება… ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია", — აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მიიღებს ბრალდებებს.

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ტელეკომპანია „TV პირველის“ მფლობელზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და პროცესში ჩართული არიან ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ "იბერიასთან“ დაკავშირებით უნდა დადგინდეს – ხდებოდა თუ არა კონკრეტულ ბიზნესზე ზეწოლა და თუ ხდებოდა, რა მიზნით.