„სამყაროს მთელი სიმდიდრე“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 22-25 თებერვალს

სვანური ბალადა სიყვარულზე, ბაღის გნომების მაგიური პორტალი, კევინ სპეისი, რომელიც ამოჭრეს და კიდევ ბევრი საინტერესო კინო - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ
Sputnik

22 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„დედე“ — რეჟისორ მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმი. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, ხოლო მსახიობების უმეტესობა — სვანი. „დედე“ ოთხი ქვეყნის კოპროდუქცია: საქართველოს, ირლანდიის, კატარის და ჰოლანდიის. მთავარ როლებში: გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე, ნუკრი ხაჭვანი.

საინტერესო ფაქტები: ფილმი „დედე" კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათი, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West, ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისორურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed–ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა, შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.

„გნომობანა“ (Gnome Alone) — კანადის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის წარმოების ანიმაციური ფილმი, რეჯისორ პიტერ ლეპენიოტისის და პროდიუსერ ჯონ ჰ. უილიამსის კომედია. სიუჟეტის ცენტრშია გოგონა ხლოა, რომელიც თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის. მასში შესვლისთანავე ოჯახი იატაკზე ბაღის გნომებს აღმოაჩენს. ამ  სახლს თურმე თავისი საიდუმლო გააჩნია — მაგიური პორტალი, რომელსაც გნომები სხვა განზომილებებიდან მოსული ურჩხულებისგან იცავენ. ხლოა და მეზობელი ბიჭუნა ლიამი გნომებს მათ რთულ მისიაში დაეხმარებიან.

„სამყაროს მთელი სიმდიდრე“  (All the Money in the World) — რეჟისორ რიდლი სკოტის კრიმინალური ტრილერი დევიდ სკარპას სცენარის მიხედვით. ფილმი გადაღებულია ჯონ პირსონის წიგნის Painfully Rich: The Outrageous Fortunes and Misfortunes of the Heirs of J. Paul Getty მიხედვით და რეალურ მოვლენებს ეყრდნობა. 1973 წლის რომი. ნიღბიანი მამაკაცები იტაცებენ მოზარდს, რომლის ბაბუა არის პოლ გეტი, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ნავთობის მაგნატი, მაგრამ ამავე დროს უზომოდ ძუნწი ადამიანი. საყვარელი შვილიშვილის გატაცება პოლ გეტისათვის არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ 17 მილიონი დოლარი დათმოს, რასაც გამტაცებლები მოითხოვენ. მოზარდის სასოწარკვეთილი დედა დახმარებისთვის CIA-ს ყოფილ ოფიცერს მიმართავს, რომელიც მათი ოჯახის პირად დაცვაში მუშაობს.

საინტერესო ფაქტები: 2017 წლის ნოემბერში სტუდია Sony-მ გადაწყვიტა პოლ გეტის როლში კევინ სპეისის ნაცვლად კრისტოფერ პლამერი გადაეღო. ეს გადაწყვეტილება ფილმის პრემიერამდე ერთი თვით ადრე მიიღეს. როდესაც სპეისი პალმერით შეცვალეს,  რიდლი სკოტმა არ უჩვენა პლამერს იმის ჩანაწერები, თუ როგორ შეასრულა სპეისიმ ამ პესრონაჟის როლი. გადაღებების შემდეგ სკოტმა აღნიშნა, რომ პლამერმა და სპეისიმ სხვადასხვანაირად შეასრულეს გეტის როლი, მაგრამ ორივემ ეს ძალზე ეფექტურად და უნიკალურად გააკეთეს. პოლ გეტის როლი ასევე ჯეკ ნიკოლსონსა და გარი ოლდმანს შესთავაზეს.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული მხატვრული ფილმი „შავი პანტერა“, სპილბერგის ტრილერი „ვაშინგტონ პოსტი საიდუმლო მასალები“ (The Post) მერილ სტრიპით და ტომ ჰენქსით მთავარ როლებში, ამერიკული დრამატული ფილმი „უხილავი ძაფი“ (Phantom Thread) დენიელ დეი-ლიუისით მთავარ როლში და გია კაჭარავას კომედია „დაბოლილი ნასოსი — მაიტა ნასოსი 2“.

ასევე კინოთეატრებშია — რეჟისორ ჯეიმს ფოულის ამერიკული დრამატული ფილმი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades Freed), რეჟისორ ვუდი ალენის ამერიკული დრამატული ფილმი „ჯადოსნური ბორბალი“ (Wonder Wheel), რეჟისორ პატრიკ მილეს ფრანგული სათავგადასავლო კომედია „რა მოხდა რიოში“ (Going to Brazil), ამერიკული ფანტასტიკური ბოევიკი „ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილით განკურნება“, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“ და სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle).

მულტფილმი ბავშვებისთვის: ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი „პადინგტონის თავგადასავალი 2“, „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“, „წყალქვეშა საძმო შვიდფეხას თავგადასავალი“ და ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).

 

ასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!