რუსეთი მაქსიმალურად დაინტერესებულია ქართული ავიაბაზრით: ავიაკომპანიების გეგმები

რუსეთის წამყვანი აეროპორტეტბის წარმომდგენლებმა რუსულ და ქართულ ქალაქებს შორის ავიამიმოსვლის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამი რუსული საერთაშორისო აეროპორტის — „ჟუკოვსკის“ (მოსკოვის ოლქი), „პულკოვოს“ (სანქტ-პეტერბურგი) და „ყაზანის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველო დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებისათვის ყველაზე პოპულარული და სტაბილური მიმართულებაა.

თბილისში მიმდინარეობს ევროპის საავიაციო მე-15 ფორუმი CONNECT-2018, სადაც თანამშრომლობის დამყარებისა და საერთაშორისო ავიაციის წინაშე მგდომი გამოწვევებისა და პრობლემების განხილვის მიზნით წამყვანი მსოფლიო ავიაკომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„თბილისი და სანქტ-პეტერბურგი — ურთიერთსაინტერესო მიმართულებებია. საქართველო — ძალიან საინტერესო ადგილია რუსი ტურისტებისათვის, თანაც ნებისმიერ სეზონზე, სხვა ყველაფრის გარდა, კლიმატური პირობებისა და სამთო-სათხილამური კურორტების გამო. რა თქმა უნდა, რუსები დიდი სიამოვნებით დაფრინავენ და იფრენენ საქართველოში. ამასთან, ქართველი ტურისტებისთვის სანქტ-პეტერბურგიც ძალიან საინტერესოა“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აეროპორტ „პულკოვოს“ კომერციულმა დირექტორმა ევგენი ილინმა.

საქართველოში 53 უცხოური ავიაკომპანია საქმიანობს

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ახლა ლოუკოსტერიც დაფრინავს — დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა“, რომლის წარმომადგენელი ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო ავიაფორუმში. ავიაკომპანიის განვითარების მენეჯერის ანტონ ვეტრიშჩაკის თქმით, რეისი კვირაში ორჯერ ხორციელდება, თუმცა მისი წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ რეისების რაოდენობა გაიზარდოს და გაჩნდეს პირდაპირი რეისები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.

„ახლა ვასრულებთ ყოველდღიურ რეისებს მოსკოვიდან თბილისში როსტოვის გავლით. ახლახან ამოქმედდა პირდაპირი რეისი სანქტ-პეტერბურგი, რაც ძალიან გვიხარია. აქამდე დიდ ხანს მივდიოდით და როგორც იქნა ამ რეისების შესრულების უფლება მოვიპოვეთ. ჯერჯერობით კვირაში ორჯერ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში რეისების რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისში რუსეთის სხვა ქალაქებიდან ახალი მიმართულებები გავხსნათ“, — განაცხადა ვეტრიშჩაკმა.

კომპანია Basel-ის საავიაციო კომერციის დირექტორმა ასიათ ხალვაშმა „Sputnik-საქართველოსთან“ იმის შესახებ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კრასნოდარი-თბილისის მიმართულებით რეისების ამოქმედებაზე.

„კრასნოდარიდან ჯერჯერობით არ გვაქვს პირდაპირი რეისი თბილისში, მაგრამ ამ ზაფხულს პირდაპირი მიმოსვლის გახსნას ვაპირებთ. საქართველოს რუსეთისათვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ის დღეისათვის ძალიან პოპულარულია, თანაც კრასნოდარის მხარეში ქართული დიასპორა გვყავს, ვფირქრობ, მათთვის ძალიან მოხერხებული იქნება სამშობლოში პირდაპრი რეისებით ფრენა“, — განაცხადა ხალვაშმა.

ქუთაისი პირდაპირი ავიარეისებით ევროპის კიდევ ცხრა ქალაქს დაუკავშირდება

აეროპორტ „ჟუკოვსკის“ წარმომადგენლებმა გვიამბეს, რომ საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის მუშაობა ბათუმის მიმართულებით რეისების ამოქმედებაზე მიმდინარეობს.

„ჟუკოვსკი“ 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა და მოსკოვის ოლქში მდებარეობს. ამჟამად ამ აეროპორტიდან თბილისში კვირაში ოთხჯერ „ურალის ავიაზახების“ რეისი დაფრინავს.

„2018 წლის ზაფხულიდან გეგმავენ, რომ თბილისში რეისი ყოველ დღე შესრულდეს. მიმდინარეობს მუშაობა ავიაკომპანია ЮВТ Аэро-სთან ბათუმი-ჟუკოვსკის მიმართულებაზე. ავიაკომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი, რათა ამ რეისის შესრულებაზე ნებართვა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის დასაწყისისათვის მიიღოს“, — განაცხადა აეროპორტ „ჟუკოვსკის“ მთავარმა მარკეტინგ-მენეჯერმა გალინა ტელპიზმა.

წელს თბილისში პირდაპირი რეისები ყაზანიდანაც შესრულდება. ყაზანის საერთაშორისო აეროპორტის სტრატეგიული განვითარების დირექტორის, ვერონიკა აკტაშევას თქმით, 28 მარტს პირველი რეისი ყაზანი-თბილისი შესრულდება.

რუსული ლოუკოსტერი სანქტ-პეტერბურგიდან თბილისში იფრენს

„რეისს ავიაკომპანია Georgian Airways-ი კვირაში ორჯერ, სავარაუდოდ ორშაბათობით და პარასკეობით შეასრულებს. საქართველო დსთ-ის ქვეყნებში თბილისის გავლით ტრანსფერის მიხედვით პირველ ადგილზეა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს მიმართულება ძალიან სტაბილური და გრძელვადიანი იქნება. ამ რეისის აუცილებლობაში არავის ეჭვი არ შეეპარება“, — ხაზგასმით აღნიშნა აკტაშევამ.

საქართველოს 2017 წელს 7,5 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც 18%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი 2004 წელს Airport Agency France-მა დააარსა. მისი მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება. ფორუმი წელიწადში ერთხელ ტარდება. 2017 წელს ავიაფორუმი ფრანგულ კუნძულ კორსიკაზე, ქალაქ აიაჩოში გაიმართა.

ფორუმი მთავრობის სრული მხარდაჭერით ორგანიზებულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ.

თბილისში საავიაციო ფორუმში CONNECT 2018 მთელი მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.