„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან

გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში, განახლებულ სცენაზე 24 თებერვალს, 18:00 საათზე პირველად წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპექტაკლს А.Л.Ж.И.Р.
Sputnik

А.Л.Ж.И.Р. — ესაა დოკუმენტური დრამის ჟანრის სპექტაკლი, რომლის დამდგმელია რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი. А.Л.Ж.И.Р. — აბრევიატურა იშიფრება, როგორც „სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი" (Акмолинский лагерь жен изменников родины) — პირველი მცდელობაა საქართველოსა და ქართული თეატრის ისტორიაში, როდესაც ხდება მხატვრულ-დოკუმენტური გააზრება იმ პერიოდისა, რომლის დროსაც უდანაშაულო ქალები იყვნენ რეპრესირებული. მათი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების წინაშე მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ ცოლები — ცოლები დაპატიმრებული, გადასახლებული, დახვრეტილი „ხალხის მტრების"…

ბანაკში დაახლოებით რვა ათასი ქალი იმყოფებოდა. მათგან თითქმის 300 — საქართველოდან იყო. ბანაკის კედლებში იმყოფებოდნენ რეპრესირებული ცნობილი ადამიანების ოჯახებიდან — მწერალ ბორის პილნიაკის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი, დირიჟორ ევგენი მიქელაძის ცოლი ქეთევან ორახელაშვილი, მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა აშხენ ნალბანდიანი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა ალექსანდრა დუმბაძე-ბახტაძე, მამიდა თამარ დუმბაძე…

„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან

სპექტაკლის დადგმამდე რეჟისორმა და თეატრის ლიტერატურული ნაწილის თანამშრომლებმა სერიოზული კვლევები ჩაატარეს, მუშაობის შედეგი კი АЛЖИР-ის ტუსაღთა სახელობითი სია გახდა — 281 ქალი. დღესდღეობით ეს ყველაზე სრული არსებული სიაა. ის გამოქვეყნებულია სპექტაკლის პროგრამაში.

„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან

დამდგმელი რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი სპექტაკლის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ესაუბრა.

„А.Л.Ж.И.Р. — ეს არაა სპექტაკლი ამ სიტყვის ჩვეული გაგებით. არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა მისი აღქმა, როგორც დრამატული სპექტაკლის. ესაა სპექტაკლი-დოკუმენტი, მხატვრულ-დოკუმენტური დრამა და მისი ლიტერატურული საფუძველი გახდა დოკუმენტები… სპექტაკლის იდეა ყაზახეთში გაჩნდა. გრიბოედოვის თეატრის ასტანაში გასტროლებისას შემოგვთავაზეს აკმოლინსკის ბანაკში წასვლა. ყველა დიდი ინტერესით დათანხმდა, მე კი უარი ვთქვი: „არ მინდა. ეს ძალიან მძიმე იქნება. დავრჩები და ვიმუშავებ". მაგრამ მეუღლემ სატელეფონო საუბრისას მითხრა: „იქ ბებიაჩემი იყო! წადი, შეიძლება მასზე რამე გაიგო". მეც, რა თქმა უნდა, წავედი სხვებთან ერთად", — აღნიშნა ვარსიმაშვილმა.

„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან

ბანაკმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ის დიდხანს ეძებდა მეუღლის ბებიის გვარს — ნინო ლაფერაშვილს კედელზე, მაგრამ ვერ პოულობდა. ბოლოს მსახიობმა ლიუსია არტიომოვამ ის აღმოაჩინა ორი, მეუღლისა და საკუთარი გვარით — ნინო ორჯონიკიძე-ლაფერაშვილი.

„როდესაც თბილისში დავბრუნდი, ყველაფერი მოვუყევი მეუღლეს და ელისომ მითხრა: „ბებია ამაზე არასდროს გვიყვებოდა. ამბობდა, რომ გახსენება არ უნდა", — აღნიშნა რეჟისორმა.

ვარსიმაშვილი დაუკავშირდა რეპრესირებულთა ნათესავებს, მეგობრებს, მაგრამ მათთვის არავის არაფერი უთქვამს იქ გატარებული საშინელი დღეების შესახებ. შემდეგ რეჟისორმა მიმართა ჰაინრიხ ბიოლის ფონდს, დაიწყო დოკუმენტების შესწავლა, მაგრამ კვლავ იგივე — პატიმრებიდან არავინ არაფერს ჰყვებოდა… მათ არ სურდათ ამაზე საუბარი და ამ საშინელების დავიწყება სურდათ.

„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან

„წარმოიდგინეთ, რის გადატანა მოუხდათ, რომ არაფრის მოყოლა არ სურდათ თავიანთი ახლობლებისთვისაც კი. გესმით, ეს ტრაგიკული პარადოქსია: სურდათ გადარჩენა, რომ ყველასთვის მოეყოლათ ამ საშინელების შესახებ, მაგრამ შემდეგ, როდესაც გაათავისუფლეს, არავის არაფერი მოუყოლია… რა თქმა უნდა, АЛЖИР-ზე წიგნებია დაწერილი. ყველაფერი ვნახე, წავიკითხე… შედეგად, მოვაგროვე ქალის ისტორია, რომელიც ჯოჯოხეთში იყო. მინდოდა გამეკეთებინა სპექტაკლი, სადაც რეჟისურა „ჩუმი" იქნებოდა, მომეხდინა ძლიერი მხატვრული შთაბეჭდილება მინიმალური გამომსახველობითი საშუალებებით. ჩვენი სპექტაკლი რაღაც მხატვრული განზოგადებაა. ასევე თაყვანისცემა ამ ქალების ხსოვნის წინაშე. ისინი უნდა გვახსოვდეს. მათ შესახებ უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმაც… არაფრის დავიწყება არ შეიძლება!" — აღნიშნა ვარსიმაშვილმა.

სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე Встречи в России სპექტაკლმა А.Л.Ж.И.Р. მაყურებლის სიმპათიის პრიზი მიიღო. ცოტა ხნის წინ კი პრესტიჟული თეატრალური ჯილდო — ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზი მიიღო არა ერთმა მსახიობმა, როგორც ეს პრიზის სტატუსით არის გათვალისწინებული, არამედ, პირველად, სპექტაკლში დაკავებულმა შვიდმა მსახიობმა ქალმა. ესენი არიან: ლუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ინა ვორობიოვა, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, ანა ნიკოლავა, სოფიო ლომჯარია და ნატალია ვორონიუკი.