თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის ვირუსის ეპიდემიოლოგიური აფეთქება არ არის, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
გრიპის ვირუსი ჰაერში ლამის 10 წამში იღუპება, თუმცა ხელებზე საათობით რჩება, სწორედ ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა, აღნიშნა მინისტრმა.
„ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, ეპიდემიის აფეთქების არანაირი გამოხატულება არ არის. გრიპით დაავადების შემთხვევები ნორმის ფარგლებს ოდნავ სცდება, მაგრამ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეენკომ.
ამასთან ერთად მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ პრევენციული ზომები არ მივიღოთ, განსაკუთრებით ეს ეხება რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს.
ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვინც რისკ-ჯგუფში შედის: ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (დიაბეტი, დიალიზი) 18 წლამდე, თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები, მოხუცები და მათი მომსახურე პერსონალი, სამედიცინო დაწესებულებების მიმღები განყოფილებების სამედიცინო პერსონალი, სასწრაფო დახმარების, რეანიმაციის, დიალიზის განყოფილებისა და ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრების წარმომადგენლები.
დაავადების შემთხვევაში სპეციალისტები ასევე რეკომენდაციას იძლევიან სახლში დარჩეთ, რათა ვირუსი არ გავრცელდეს, არ შეეცადოთ თვითმკურნალობას და მიჰყევით ექიმის დანიშნულებას, ხშირად გაანიავეთ შენობა და ჩაატარეთ სველი წესით დალაგება.