თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერება შეიზღუდება

სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე შეზღუდვები წესდება თბილისის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის შესამცირებლად
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. 1 მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე აკრძალვა გაჩერებების ფარგლებს გარეთ ადრეც შემოიღეს (მიკროავტობუსების ავტოპარკის შეცვლის შემდეგ 2011 წელს), მაგრამ მძღოლებისა და მოსახლეობის პროტქსტის გამო შეზღუდვა რამდენიმე თვეში მოიხსნა.

კალაძე დანაპირებს ასრულებს – თბილისში სატრანსპორტო რეფორმა იწყება

„აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს მიკროავტობუსები“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ტრანსპორტის ქაოტური გადაადგილების პრობლემას გარკვეულ წილად გადაჭრის. პროექტის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მისი მოქმედება მთელი თბილისის მასშტაბებს მოიცავს.

აკრძალვა შემდეგ მიმართულებებზე ამოქმედდება: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1800 მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.