რატომ დახურეს ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დელფინების შოუთი უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვერ დატკბებიან.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია ბათუმის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„აღნიშნული სამუშაოების გამო დელფინარიუმი 2 თვით დაიხურება. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება", — ნათქვამია განცხადებაში.

დელფინებთან ერთად ცურვა პოპულარული გასართობი ხდება

ბათუმის დელფინარიუმი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც განსაკუთრებულად იზიდავს ტურისტებს. თანამედროვე კომპლექსში წარმოდგენები ღია ცის ქვეშ ტარდება.

ბათუმის დელფინარიუმი მიმზიდველი დეკორაციებითაა გაფორმებული, რაც ველური ბუნების ატმოსფეროს ქმნის. 2017 წელს აქ პატარა დელფინი დაიბადა, რაც დელფინარიუმში მეექვსე შემთხვევა იყო. სპეციალისტების აზრით, ეს იმის დადასტურებაა, რომ ბათუმის დელფინარიუმში ბინადრებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი.

ბათუმის დელფინარიუმის ისტორია 1975 წლიდან იწყება. იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა.

1990-იან წლებში საქართველოში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო დელფინარიუმი დაიკეტა. დელფინარიუმმა მუშაობა მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 2011 წელს განაახლა.