მსოფლიო ბანკი: საქართველო ბიტკოინის მაინინგით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში blockchain-ის ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოში კრიპტოვალუტებისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოში პირველი კრიპტოვალუტების ბირჟა შეიქმნა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ამ ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში კრიპტოვალუტებისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი.

„მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის — ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები და, მეტიც, ამ მიმართულებით ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით", — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ამ ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვითა და სამომავლო პერსპექტივებით.

მსოფლიო ბანკის მისია ასევე გეგმავს შეხვედრების გამართვას სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან, სადაც ასევე არის დანერგილი blockchain-ის ტექნოლოგიები.