თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაჩნდება ახალი სტრუქტურა — ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მსგავსი სტრუქტურა საქართველოს სახელმწიფო უწყებების სისტემაში პირველად იქმნება. დირექტორატი გააერთიანებს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ აპარატს, რომელიც გასული წლის ნოემბერში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
„იქმნება მყარი და ძლიერი სტრუქტურა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე“, — განაცხადა ჯანელიძემ.
ვინ უხელმძღვანელებს ახალ სტრუქტურას და როგორი იქნება მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.