საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა

ექსპერტთა თქმით, სახეზეა ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მყარი ტენდენცია.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. 2016 წელს, საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52 500-ს შეადგენს, ნათქვამია საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონისა“ და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში.

კვლევა „ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში“ 2017 წელს მომზადდა და მისი შედეგებით ირკვევა, რომ საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა ორ წელიწადში დაახლოებით 3 000-ით გაიზარდა. 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 49 700 იყო.

„ყველა ერთისთვის“ – თბილისში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა
 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ მაჩვენებლებით, საქართველო პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა სეიშელის კუნულებისა და რუსეთის შემდეგ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა მეტია წინა წლებში მიღებულ რაოდენობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო წლებში სახეზეა ამ სახის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მყარი ტენდენცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რეფორმა სრულად განხორციელდება — ანუ თუ გაუმჯობესდება მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემა, შეიქმნება პირველადი პრევენციის სისტემა და ნარკოტიკების მოხმარებასა და ფლობაზე გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 2027 წლისთვის განახევრდება.

კვლევის ანგარიში მოამზადეს ექსპერტებმა თამარ სირბილაძემ, ლელა თავზარაშვილმა (საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი”), ივდით ჩიქოვანმა, ნათია შენგელიამ და ლელა სულაბერიძემ (საერთაშორისო ფონდი კურაციო).

12 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნით, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობა კიდევ სამი კვირით გადაიდო. მიზეზი მმართველ გუნდში პოზიციების შეჯერებაა.